ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა
(ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)
აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლის „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ განხორციელებას. სკოლის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.



სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს:

1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“

2. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე

3. საეკლესიო პროცესები აფხაზეთში

4. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა

5. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

მოდულების ფარგლებში დაგეგმილია 20 ლექცია, მათ შორის - ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში  - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, მცხეთა, კაბერის ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტში), დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ათეული წლის მანძილზე სწავლობენ ცენტრში დაცულ ისტორიულ დოკუმენტებს, საარქივო მასალას. სკოლის მუშაობაში აგრეთვე მიიღებენ მონაწილეობას  საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციების (უნივერსიტეტების, ეროვნული მუზეუმის) წარმომადგენლები, აფხაზი მეცნიერი და უცხოელი მკვლევრები.

საგაზაფხულო სკოლა განხორციელდება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, სკოლა განიხილება როგორც პლატფორმა, რომელზედაც შესაძლებელია აფხაზეთის საკითხის შესწავლის სხვადასხვა მიმართულებით  საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირება მომავალი ერთობლივი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევებისათვის.

სამეცნიერო ფორუმის განხორციელება გათვალისწინებულია 2020 წლის 25-31 მაისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია სკოლის პროგრამის ბეჭდვა და ლექციების ანოტაციების ელექტრონული ვერსიის მომზადება, საკვლევ თემაზე ძირითადი ბიბლიოგრაფიის მითითებით, რომელიც განთავსდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდებზე www.manuscript.ge და www.sou.edu.ge.