ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა
„აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)"
16-22 ივნისი, 2024

პროექტის ფარგლებში  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით განხორციელდა მე-3 საერთაშორისო სეზონური სკოლა აფხაზეთის თემატიკაზე, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან  დღემდე, ოკუპირებული აფხაზეთის აქტუალური საკითხების განხილვით. სკოლის მიზანია: საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება უძველესი დროიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, უახლესი და მიმდინარე კვლევების გაცნობა, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა. 


სეზონური სკოლა განიხილება როგორც პლატფორმა, რომელზედაც შესაძლებელია აფხაზეთის თემაზე კვლევის სხვადასხვა მიმართულებით  საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირება მომავალი ერთობლივი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევებისათვის; თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

გამოცემები სკოლის ფარგლებში:

პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული გამოცემა), რომელიც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი სამეცნიერო - საგანმანათლებლო რესურსი როგორც საუნივერსიტეტო, ისე ზოგადსაგანმანათლებლო სივრცისთვის: 
1. სეზონური (საგაზაფხულო) სკოლის მასალების ორენოვანი კრებული, სამივე საერთაშორისო სკოლის  ფარგლებში წაკითხული ლექციების და მსმენელთა გამორჩეული მოხსენებების საფუძველზე, თემასთან დაკავშირებული ძირითადი ბიბლიოგრაფიით; 
2. სამეცნიერო-პოპულარული ბროშურა ქართულ ენაზე -  „იმოგზაურე აფხაზეთის ისტორიაში“ ბროშურა და ინგლისურ ენაზე - "Travel through the history of Abkhazia" 

პროგრამა


სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 6 სასწავლო მოდულს: 

1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“

2. შუასაუკუნეებამდელი აფხაზეთი (აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე)

3.  აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე 

4.  ყოფა აფხაზეთში (ეთნოლოგიური ექსკურსი)

5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა 

6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.


მოდულების ფარგლებში ჩატარდა 23  ლექცია, მათ შორის - ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (თბილსსა და რეგიონებში), პანელური დისკუსია 5 მოხსენებით, ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამა, ცენტრში დაცული, სკოლის თემატიკასთან უშუალოდ დაკავშირებული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და საარქივო მასალის (ორიგინელები) და იშვიათი გამოცემების - „აფხაზური დედაენა“ („ანბან შიყუ“), პირველშედგენილი ქართული გრაფემებით, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანი (ქართული მხედრული შრიფტით შესრულებული) - უნიკალური გამოფენა. საერთაშორისო სკოლა დასრულდა მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციებით.

საერთაშორისო სკოლა გათვალისწინებულია უცხოელი, ქართველი და აფხაზი მკვლევარებისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის  (გალის) საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა. 

2024 წლის მე-3 საერტაშორისო სეზონურ სკოლაში - „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ - მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და ახალგაზრდა  მკვლევრებმა - როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, ასევე, ტრადიციულად, ისტორიის მასწავლებელმა გალის (აფხაზეთის) ტერიტორიაზე არსებული სკოლიდან. მსმენელთა მონაცემები იხ. ქვემოთ მოცემულ ცხრილში.