დარეჯან კლდიაშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ისტორიული დოკუმენტები:
კალიგრაფია და მოხატულობა
საქართველოს სიძველთსაცავები, ჟამთა სვლისა და განადგურების მიუხედავად, ინახავს რამდენიმე ათეულ ათას XI-XIX საუკუნეების ქართულ და უცხოენოვან დოკუმენტს. ქართული და აღმოსავლური დოკუმენტების დედნების მდიდარი კოლექციები თავმოყრილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (Ad, Hd, Sd, Qd; Ard; Pd; Turd) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველი საისტორიო დოკუმენტების ფონდებში (ფ.1448; ფ.1452; ფ.1452). საისტორიო საბუთების ნაწილი ასევე ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამხარეთმცოდნეო მუზეუმებში: ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, თელავში; აგრეთვე საზღვარგარეთ – იერუსალიმის, ათონის და სინას მონასტრებში, თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის სიძველეთსაცავებში.
ქართული საბუთები
ქართულმა ისტორიულმა დოკუმენტებმა ხანგრძლივი დროის მანძილზე აღბეჭდეს როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ხალხების ისტორიული გეზის თანმდევი პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული ცვლილებები. ამ ურთიერთობების შესაბამისად, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ქართული დოკუმენტების პარალელურად ადგილობრივ იურისდიქციაში ადგილს იმკვიდრებს როგორც ორენოვანი, ისე ბერძნული, სპარსული, არაბული, ოსმალური და რუსული დოკუმენტები.
ბიზანტიურ და პოსტბიზანტიურ პერიოდში ისტორიული დოკუმენტის შინაარსობრივი, სტრუქტურული და გარეგნული მხარე და მხატვრული გაფორმება მართლმადიდებლურ-ქრისტიანული დიპლომატიკური და კულტურული ტენდენციების ამსახველი იყო. ადრეული ხანის XI-XIII საუკუნეების ქართული დოკუმენტის გარეგნულ მხარეს მასალა, ფორმა, კალიგრაფია და დეკორატიული ხელრთვები განსაზღვრავდა. ქართული საბუთების მინიატიურებით შემკობა XIV-XV საუკუნეებიდან იწყება და უკავშირდება მათ გაფორმებას ისტორიულ პირთა პორტრეტებით და ქრისტიანული სიუჟეტებით. ბიზანტიის დაცემისა და სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანურ გარემოცვაში მოხვედრის შემდგომ ეს ტრადიცია ქართულ დოკუმენტებს განსხვავებულ პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში თვითმყოფად და დამოუკიდებელ სახეს უნარჩუნებდა და განასხვავებდა მას ისლამური დოკუმენტის მხატვრული გაფორმების პრინციპებისაგან.
XIV საუკუნიდან XIX საუკუნის დამდეგამდე პერიოდის მოხატულ დოკუმენტებს შორის მნიშვნელოვანია ქართველ მეფეთა, კათალიკოს-პატრიარქთა, საეკლესიო და საერო პირთა პორტრეტული გამოსახულებებით შემკული საბუთები. XIV-XVI საუკუნეების სასისხლო და შეწირულების აქტებზე გამოსახული არიან: ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (ერთიანი საქართველოს მეფე, 1446-66; კახეთის მეფე, 1466-76), იმერეთის მეფეები ალექსანდრე II (1484-1510) და ბაგრატ III (1510-65), ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი (1470), ერისთავი ვამეყ შაბურისძე და მისი თანამეცხედრე დულარდუხტი (1494), კათალიკოს-პატრიარქი დოროთეოს III (1584-95); საქტიტორო გამოსახულებების სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა XVII-XVIII საუკუნეების ქართლის, კახეთის, იმერეთის მეფეების და სასულიერო პირების მიერ გაცემული შეწირულების და წყალობის აქტები, რომლებშიც წარმოდგენილი არიან: კახეთის მეფეთა საქტიტორო რიგი, ლევანი (1518-74), ალექსანდრე II (1574-1605), დავით ბატონიშვილი (I, კახეთის მეფე, 1601-02), თეიმურაზ I (კახეთი, 1606-48; ქართლ-კახეთი, 1625-32), ბატონიშვილი თეიმურაზი (II, კახეთის გამგებელი 1709-15; მეფე 1733-44; ქართლის მეფე, 1744-62), დავით II იმამყული-ხანი (კახეთის ჯანიშინი, 1703-09; მეფე, 1709-22), ერეკლე I ნაზარალი-ხანი (ქართლის მეფე, 1688-1703), კონსტანტინე II მაჰმადყული-ხანი (კახეთის მეფე, 1722-32), არჩილ II (კახეთის მეფე, 1664-75; იმერეთის მეფე, 1661-63, 1678-79, 1690-91, 1695-96), კათალიკოსი დომენტი III (1660-75), შაჰნავაზ-ხანი (ქართლის ჯანიშინი, 1717-23), გიორგი ბატონიშვილი (1712), რუსეთის იმპერატორი პეტრე I დიდი და იმპერატრიცა ეკატერინე I (1725), გიორგი XII (ქართლ-კახეთის მეფე, 1798-1800), სოლომონ II (იმერეთის მეფე, 1789-1810).
XVI-XVIII საუკუნეებში, სეფიანთა ირანისა და ოსმალეთის მიერ საქართველოს ცალკეული მხარეების ინკორპორაციის პირობებში, ყოფასა და კულტურის ყველა სფეროში მოძალებული ისლამური კულტურის ზემოქმედება და გავლენები აღიბეჭდა როგორც ქართული საერო ხელნაწერი წიგნების, ისე დოკუმენტების მაირანიზებელი ტენდენციებით განმსჭვალული ქართული და ქართულ-სპარსული ორენოვანი საბუთების მოხატულობაში.
XVIII საუკუნიდან, ახალი პოლიტიკური ვითარების კვალად, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევის შედეგად ქართული ხელოვნება დასავლეთ ევროპისა და რუსული კულტურის გავლენის არეალში მოექცა; შეიცვალა ქართული დოკუმენტების მხატვრული გაფორმების ხასიათიც. ევროპული და რუსული სამინიატურო ხელოვნების შესაბამისად იმ პერიოდში ფართოდ ვრცელდება გეომეტრიული, მცენარეული, ანტროპომორფული და ზოომორფული მოტივებით გაფორმებული, ინიციალებით და საგერბო გამოსახულებებით შემკული საბუთები
სპარსული საბუთები
კოლექცია წარმოდგენილია როგორც ირანის სამეფო (სეფიანთა, ავშართა, ზენდების, ყაჯართა დინასტიის) კარიდან გამოსული, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ქრისტიანი და გამაჰმადიანებული მეფეების, ერევნის და დაღესტნის ნახევრად დამოუკიდებელი სახანოების ბეგლარბეგების და მელიქების მიერ XVI-XIX საუკუნეებში გაცემული, მდიდრულად გაფორმებული ფირმანების და ჰოქმების, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების, ნასყიდობის, მზითვის, გვარიშვილობის დამამტკიცებელი და სხვა სახის საბუთებით.
საქართველოში დაცული სპარსული დოკუმენტების უმრავლესობა სეფიანთა ხანის მდიდრულად დეკორირებული ფირმანებია, რომლებიც გაცემულია ისფაჰანში შაჰ აბას I-ის (1587-29), შაჰ სეფის (1629-42), შაჰ აბას II-ის (1642-66), შაჰ სულეიმან I-ის ( 1666-94), შაჰ სულთან-ჰუსეინის (1694-1722) და შაჰ თამაზ II-ის (1722-32) მიერ. მათ შორის განსაკუთრებულად მდიდრული და ფერადოვანია შაჰ სულთან-ჰუსეინის ფირმანები. ბრწყინვალებით, ფერთა სიუხვით და დახვეწილობით მათ მხოლოდ ყაჯართა პერიოდის მოხატული დოკუმენტები შეედრება.
სპარსული საბუთის ტექსტი პატარაა; მას, ჩვეულებრივ, ორმხრივ სტილიზებული მცენარეული მოტივებით გაფორმებული ორნამენტული ჩარჩო შემოფარგლავს, ტექსტის არე კი ჩარჩოს ორნამენტის შესაბამისი ფერადოვანი ყვავილოვანი მოტივებითაა მოფენილი. ხშირ შემთხვევაში, დეკორატიული ჩარჩოს ცენტრში, ტექსტის ზემოთ, დასმულია დეკორატიულ მოჩარჩოებაში ჩასმული ბეჭედი, რომელსაც, კალიგრაფიასთან ერთად, განსაკუთრებული მხატვრული ფუნქცია ენიჭება. სპარსული მოხატული საბუთებისათვის ასევე იყენებდნენ ირანული წარმოების მზა მხატვრულ ჩარჩოებს და ქაღალდს, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა იმ პერიოდის ისლამური ხელნაწერების გასაფორმებლად.
ოსმალური საბუთები
კოლექცია ქრონოლოგიურად XVI-XIX საუკუნეების დოკუმენტებითაა წარმოდგენილი. მათი ადრესატები არიან ოსმალეთის მიერ დაპყრობილი და მათზე დამოკიდებული რეგიონების _ ჩილდირის ვილაიეთის (ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ნაწილი) არისტოკრატია და მოლაშქრეები; აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის სამეფოს თავადები და აზნაურები, ზოგადად, ოსმალურ სამხედრო ლენურ სისტემას დაქვემდებარებული მოსახლეობა.
ოსმალური დოკუმენტების კოლექციიდან მაღალმხატვრულობით და კალიგრაფიულობით გამოირჩევა სულთან მურად III-ის (1574-95), მეჰმედ IV-ის (1648-87),Mმუსტაფა II-ის (1695-1703), აჰმედ III-ის (1703-30), მაჰმუდ I-ის (1730-54), მუსტაფა III-ის (1757-74), აბდულჰამიდ I-ის (1774-89), სელიმ III-ის (1789-1807) და აბდულჰამიდ II-ის (1876-1909) მიერ გაცემული ბერათები, რომელთა შექმნის ადგილი, როგორც წესი, `ღვთივდაცული კონსტანტინოპოლია~; ამ საბუთებს განსაკუთრებულ ბრწყინვალე იერს ანიჭებს კალიგრაფია და საბუთების გამცემი სულთნის ოქროთი, შავი და წითელი მელნით შესრულებული თუღრა, აგრეთვე ფერადი საღებავებით შექმნილი ცალკეული დეკორატიული ელემენტები.
მოხატული დოკუმენტების ვებ-გვერდი შესაძლებელია იხილოთ საიტზე _ www.illuminateddocument.ge