ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს



იოანე მახარებლის და პროხორეს მინიატურა, თავსამკაული და იოანეს სახარების ტექსტის დასაწყისი. 254v-255r


მოქვის სახარება

მოქვის სახარებას, ისევე როგორც ბევრ სხვა ხელნაწერს, შექმნიდან დღემდე საინტერესო ისტორია აქვს. ხელნაწერი გადაიწერა 1300 წელს მოქველი მთავარეპისკოპოსის დანიელის დაკვეთით. ხელნაწერი, სავარაუდოდ, მოქვშივე მოიხატა და თავდაპირველად იქვე, მოქვის საკათედრო ტაძარში, ინახებოდა. სახარება ჩაფიქრებული იყო, როგორც მემორიალური ხელნაწერი და მას, როგორც ჩანს, პრაქტიკული დანიშნულებით ხშირად არ იყენებდნენ, რაზეც მიუთითებს სამონასტრო ცხოვრებისათვის უჩვეულო მდიდრული მორთულობა. ხელნაწერის რამდენიმე ფურცელი დაუწერელია. 

საინტერესოა ის გარემოება, რომ კოდექსს თითქმის არა აქვს შემდგომი პერიოდის მინაწერები. გამონაკლისს რამდენიმე მათგანი წარმოადგენს: 

„მოქვისა ღვთისმშობელოჲ, შეიწყალე სული თქუენ წინ მდეგისაჲ მოქველ მთავარებისკოპოზისაჲ აბრაჰამისაჲ. ამენ“.

„ყოვლად წმინდაო დედოფალოჲ ღვთიშმობელოჲ დაიცავ და შეიწყალე ორთავე ცხოვრებათა შიგან მოქვისაჲ მეტრაპეზე გიორგი დეკანოზიაჲ. ამენ“ 

„სულსა მოქველ მთავარებისკოსსა ჩხეტიძესა ფილიპესა შეუნდნეს ღმერთმან. ამენ“. 

მოთხრობილი მასალიდან სამ მინაწერში მოქველი ეპისკოპოსები იხსენიებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელნაწერი საგანგებოდ მაღალი რანგის სასულიერო პირებისათვის იყო განკუთვნილი. 

დაბეჯითებით იმის თქმა ძნელია, თუ რამდენ ხანს იყო ხელნაწერი მოქვში. XIX საუკუნის II ნახევარში სახარება უკვე დაცული იყო მარტვილის მონასტერში. თუ რა გზა გაიარა ხელნაწერმა მოქვიდან მარტვილამდე, ჩვენთვის უცნობია. ხელნაწერს დღეს არსებული ვერცხლით მოჭედილი მოოქროვილი ყდა, სავარაუდოდ მარტვილში გაუკეთდა. 

1021 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს ემიგრაციაში წასულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოქვის სახარება სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად საფრანგეთში გაიტანა. იმ პერიოდისთვის ხელნაწერი დროისა და შენახვის არასათანადო პირობების გამო უკვე დაზიანებული იყო. 1913 წელს სამეგრელოში მივლინებით მყოფმა ექვთიმე თაყაიშვილმა სახარების მინიატურების არასახარბიელო მდგომარეობას ხაზი საგანგებოდ გაუსვა. 

ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში მოქვის სახარებისათვის დაცვის სათანადო პირობების შექმნა შეუძლებელი იყო, რაც ალბათ, ხელნაწერის მდგომარეობაზე გარკვეულწილად აისახა კიდეც. 

1945 წლიდან საქართველოში დაბრუნდა ეროვნული სამუზეუმო განძეულობა, მათ შორის მოქვის ოთხთავიც. დღეისათვის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. 

XX საუკუნის 10-იან წლებში გადაღებული ფოტოების ხელნაწერთა შედარება ცხადყოფს იმ სერიოზულ და შეუქცევად დაზიანებებს, რაც კოდექსმა სულ მცირე 50 წლის მანძილზე მიიღო.