ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

06 ნოემბერი, 2026

ვიზიტი ტყიბულში - ქართული დამწერლობა და ხელნაწერი მემკვიდრეობა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ქალაქ ტყიბულს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ტყიბულის ბიბლიოთეკაში მრავალკომპონენტიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტის  –  „ქართული დამწერლობა და ხელნაწერი მემკვიდრეობა – ისტორიის ცოცხალი გაკვეთილი ტყიბულში“ – წარდგენა. პროექტის მიზანს ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ისტორიული ცოდნის გავრცელება და ახალგაზრდებში ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავება წარმოადგენდა.

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ომარ ნიშნიანიძემ ისაუბრა წინარექრისტიანული ეპოქის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ კი დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცენტრის კოლექციები და საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საკითხები

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი წიგნების მულაჟებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გელათის, ჯრუჭის, ვანის სახარებებისა და წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ მულაჟები.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მოსწავლეთა შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობებს. გაიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა კონფერენცია, ასევე მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიება ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.