კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ბულგარეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები ეწვივნენ: ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტრის იღუმენი, მეუფე სიონი, ამავე მონასტრის მღვდელმონაზონი ილარიონი, მონასტერში ბულგარულ-ქართული კულტურის ცენტრ „დარბაზის“ თანადამფუძნებელი ბატონი დავით ქობლიანიძე და თერჯოლის წმინდა ბართლომე მოციქულის სახელობის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მაკარი (ჯამასპაშვილი).
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ფონდებში დაცულ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშებს. მათ შორის XIV საუკუნის ხელნაწერს პეტრიწონის მონასტრიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცენტრში დაცულ ძველ ქართულ ხელნაწერებსა და მათ ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობას.
სტუმრებთან შეხვედრა გამართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ აბულაძე და ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის მნიშვნელობას ქრისტიანული კულტურისა შესწავლის საქმეში. აღინიშნა, რომ ხელნაწერებში დაცული წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის სხვადასხვა ეპოქის რელიგიური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების შესახებ.