კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ – შავი მთა“ გაიმართა.
კონფერენცია მიეძღვნა შავი მთისა და ანტიოქიის ქართულ სამონასტრო კერებს, მათ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას, აგრეთვე ამ რეგიონში შექმნილი ქართული ლიტერატურული, საღვთისმეტყველო და ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლას.
კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შავი მთისა და ანტიოქიის რეგიონში ქართული სამონასტრო ცხოვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. ქართველების ინტერესი ამ რეგიონის მიმართ ჯერ კიდევ V საუკუნიდან დასტურდებოდა, VI საუკუნიდან კი კიდევ უფრო გაძლიერდა. ქართველ პილიგრიმებს განსაკუთრებულად იზიდავდა სვიმეონ მესვეტე-უმცროსისა (521–592) და მისი მონასტრის სულიერი და კულტურული გარემო. XI საუკუნისთვის რეგიონში დაახლოებით 14 ქართული სამონასტრო ცენტრი და სავანე არსებობდა. 1268 წელს მამლუქების მიერ ანტიოქიის დარბევის შედეგად ქართული სამონასტრო კერები განადგურდა, ხოლო დროთა განმავლობაში მათი ისტორია და მდიდარი მემკვიდრეობა მივიწყებას მიეცა.
კონფერენციამ ასევე წარმოაჩინა შავი მთისა და ანტიოქიის ქართული სიძველეების მეცნიერული შესწავლის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ქართული მეცნიერების წარმომადგენელთა წვლილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელენე მეტრეველის, ვახტანგ ჯობაძის, ლევან მენაბდის, ივანე ლოლაშვილის, თამილა მგალობლიშვილისა და სხვა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობას, რომელთა ნაშრომებმაც მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა რეგიონის ქართული სამონასტრო ცხოვრების, ლიტერატურული ტრადიციებისა და ისტორიული მემკვიდრეობის შემდგომი კვლევისთვის.
კონფერენციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული კერების შესწავლისა და მათი ისტორიული მემკვიდრეობის წარმოჩენის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს ისტორიის განუყოფელ ნაწილს.
ღონისძიება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.