კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველი მეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მიხეილ ქავთარიასადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
მიხეილ ქავთარია იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის ნამდვილი წევრი, ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. კონფერენციის მიზანს მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის წარმოჩენა, ღვაწლის გახსენება და ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ისტორიული წყაროების შესახებ ახალი კვლევების გაზიარება წარმოადგენდა.
კონფერენცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ გახსნა. შესავალი სიტყვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ და კონფერენციის მონაწილეებმა გაიხსენეს მიხეილ ქავთარია, მისი პიროვნული თვისებები, სამეცნიერო საქმიანობა და ქართული ფილოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილი. მოგონებების ნაწილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მიხეილ ქავთარიას სამეცნიერო მემკვიდრეობის მნიშვნელობა ქართული ჰუმანიტარიის განვითარების ისტორიაში.
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა ორ სხდომას მოიცავდა. პირველ სხდომაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს მოხსენებები არჩილ გელოვანის კოლექციაში დაცული ღვთისმშობლის დაუჯდომლის უცნობი ხელნაწერის (ვ. კეკელია, ნ. ჩაკვეტაძე), ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული XVII საუკუნის სპარსული ისტორიული საბუთების კვლევის პერსპექტივის (ხ. ბაინდურაშვილი) და XVIII საუკუნეში სამთავროსა და გორის საეპისკოპოსოს სამეურნეო-ქონებრივი ურთიერთობების შესახებ (მ. შაორშაძე).
მეორე სხდომის მოხსენებები შეეხებოდა ქართულ ხელნაწერებში წითელი ფერის გამოყენებასა და სახელწოდებებს (დ. გოგაშვილი), იროდიონ სონღულაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობას, როგორც XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული კულტურული ცხოვრების დოკუმენტურ მეხსიერებას (ე. გოგიჩაიშვილი, ნ. ქავთარია, ქ. ტატიშვილი), XIII საუკუნის ისტორიულ საბუთებში გარეჯის მონასტრების შესახებ დაცულ ცნობებსა (თ. ჯოჯუა) და ქართულ იადგარებში ჰიმნოგრაფიული კანონის მეორე ოდის ისტორიულ-ლიტურგიულ ფუნქციასა და ტექსტუალურ მემკვიდრეობას (ე. დუღაშვილი).