18-20 სექტემბერს, ბულგარეთში, ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტერში, ამ მონასტრის ბულგარულ-ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრ „დარბაზის“ ორგანიზებით, გაიმართა ბულგარულ-ქართულ ურთიერთობებისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა. ღონისძიების დაწყების წინ, მონაწილეები საქართველოდან და ბულგარეთიდან მიიღო ბაჩკოვოს ღვთისმშობლის მიძინების სტავროპიგიალური მონასტრის იღუმენმა, ველიჩკის ეპისკოპოსმა სიონიმ. 18 სექტემბერს მეუფე სიონიმ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სიმპოზიუმის მონაწილეებს და წარმატება უსურვა მონასტრის კედლებში გამართულ პირველ სამეცნიერო ღონისძიებას, აღნიშნა რა, რომ ეს შეკრება იმის საწინდარია, რომ ბულგარეთის ტერიტორიაზე არსებულ ამ უძველეს ქართულ სავანეში კვლავ აღდგება იოანე პეტრიწის საფუძველჩაყრილი სამეცნიერო კვლევა. მისასალმებელი ადრესები გამოაგზავნეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-ემ და ბულგარეთის პატრიარქმა, უწმინდესმა დანიელმა. ქართველ და ბულგარელ მეცნიერთა მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მომავალში აუცილებელია გაფართოვდეს სიმპოზიუმის თემატიკაც და მონაწილეთა რაოდენობაც გაიზარდოს სოფიის, პლოვდივის, ველიკო-ტირნოვოს და თბილისის უმაღლესი სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერ-პედაგოგთა ჩართულობით.
19 სექტემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და წმ. მამათა სწავლებანის კვლევით ცენტრ „იოანე დამასკელს“ შორის. ბულგარეთის მხრიდან მეორანდუმს ხელი მოაწერა „იოანე დამასკელის“ ცენტრის ხელმძღვანელმა მამა საბამ (კოკუდევი).
21 სექტემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ბაჩკოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის ბულგარულ-ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრ „დარბაზს“ შორის (ბულგარულ-ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრი „დარბაზი“ პეტრიწონში შეიქმნა 2025 წელს ბულგარეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების პაატა გამგონეიშვილისა და დავით ქობლიანიძის ინიციატივით, დაფინანსებით და მეუფე სიონის ლოცვა-კურთხევითა და სრული მხარდაჭერით. ცენტრი „დარბაზი“ 2025 წლის 2 ივლისს აკურთხა მისმა უწმინდესობამ ბულგარეთის პატრიარქმა და სოფიის მიტროპოლიტმა დანიელმა. საკონფერენციო დარბაზის გვერდით გაიხსნა ცენტრის კეთილმოწყობილი, წმ. პატრიარქ ექვთიმეს ბიბლიოთეკა, რომელშიც უკვე ასეულობით ქართული და ბულგარული წიგნი ინახება. საკონფერენციო დარბაზსა და სამუშაო სივრცეს მიენიჭათ გრიგოლ და აბაზ ბაკურიანისძეების, გრიგოლ და იოანე პეტრიწონელების სახელები).
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ხელნაწერთა ეროვნული დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, მონასტრის წინამძღვარმა მეუფე სიონიმ და ცენტრის თანადამფუძნებელმა, ბულგარეთში ქართული სათვისტომოს თავკაცმა ბატონმა დავით ქობლიანიძემ.
20 სექტემბერს სიმპოზიუმის მონაწილეებს დარბაზობა გაუმართა იღუმენმა, მეუფე სიონიმ, რომელსაც დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში ბატონი ზურაბ ხამაშურიძე და ცენტრ „დარბაზის“ თანადამფუძნებელი, ბატონი დავით ქობლიანიძე.
21 სექტემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ეწვივნენ პაისი ჰილენდარელის სახელობის პლოვდივის უნივერსიტეტის ფილოსოფია-ისტორიის ფაკულტეტს. გაფორმდა მემორანდუმი ამ ფაკულტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის.
იმავე საღამოს ცენტრის თანამშრომლები, სოფიაში შეხვდნენ ბატონ დავით ქობლიანიძეს, რომელთან საუბრისას დაიგეგმა სამეცნიერო სფეროში „დარბაზის“ საქმიანობის პერსპექტივები.
ბაჩკოვოს (პეტრიწონის) გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის ძეთა მიერ დაარსებული მონასტერი, ჯერჯერობით ერთადერთია საზღვარგარეთულ ქართულ სავანეთა შორის, სადაც მონსტრის წინამძღვრის და ქართული დიასპორის თავკაცთა ძალისხმევით, მოქმედებს საქართველოსთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი კუტურულ-საგანმანათლებლო კერა.