ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

29 სექტემბერი, 2026

ცხადდება თეზისების მიღება რეგიონალური საბავშვო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად


რეგიონული საბავშვო სამეცნიერო- საგანმანათლებლო კონფერენცია
„ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲨᲘ: ᲬᲐᲠᲡᲣᲚᲘᲡ ᲪᲝᲓᲜᲐ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იწვევს IX–XII კლასების მოსწავლეებს რეგიონულ საბავშვო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

• გინდა, გახდე ახალგაზრდა მკვლევარი?

• გიფიქრია, რას გვიყვებიან საუკუნეების წინ შექმნილი ხელნაწერები?

• როგორ იკვლევენ მეცნიერები ძველ ტექსტებს?

• როგორ ხდება დაზიანებული ხელნაწერის აღდგენა?

• რა საიდუმლოებებს ინახავს ქართული ანბანი?

• როგორ ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები მეცნიერებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და დაცვაში?


თუ რომელიმე საკითხი გაინტერესებს, ეს კონფერენცია შენთვისაა!



რა გელოდება?

კონფერენციის მონაწილეები შეძლებენ:

• მოამზადონ და წარმოადგინონ საკუთარი მცირე კვლევა;

• გაეცნონ ქართული ხელნაწერებისა და ისტორიული წყაროების კვლევის მეთოდებს;

• შეხვდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებსა და მკვლევრებს;

• მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიულ ვორქშოფებში;

• პრაქტიკულად მოსინჯონ ძველი ქართული დამწერლობის ამოცნობა;

• დაესწრონ კალიგრაფიის მასტერკლასს;

• გაეცნონ უნიკალურ ხელნაწერებს მინი-გამოფენის ფარგლებში;

• მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო დისკუსიაში;

• წარადგინონ საკუთარი ნამუშევარი აუდიტორიის წინაშე;

• მიიღონ კონფერენციის მონაწილეობის სერტიფიკატი.


საკონფერენციო თემები

მოსწავლეებს შეუძლიათ კვლევა მოამზადონ ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

• რა ისტორიებს გვიყვებიან ძველი ხელნაწერები?

• ქართული ანბანის საიდუმლოებები

• ყველაზე საინტერესო ხელნაწერები საქართველოს ისტორიიდან

• როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი?

• ხელნაწერთა „ექიმები“ – როგორ აღადგენენ დაზიანებულ წიგნებს?

• მოგზაურობა შუა საუკუნეების საქართველოში ხელნაწერების მეშვეობით

• ხელნაწერები და ცნობილი ქართველი მეცნიერები და მწერლები

• ქართველი მეფეები და მოღვაწეები

თემის არჩევა შესაძლებელია როგორც ზემოაღნიშნული მიმართულებებიდან, ისე მოსწავლის საკუთარი ინტერესის შესაბამისად, თუ იგი კონფერენციის ძირითად თემატიკას უკავშირდება.

სკოლის მხრიდან სასურველია გამოიყოს პასუხისმგებელი პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებასა და კონფერენციისთვის მომზადების პროცესში.



ინტერაქტიული პროგრამა

შერჩეული მონაწილეებისათვის შემუშავებულია ინტერაქტიული პროგრამა:

„გახდი ახალგაზრდა პალეოგრაფი“

მოსწავლეები გაეცნობიან ძველი ქართული დამწერლობის ნიმუშებს და თავად შეეცდებიან ძველი ტექსტების ამოცნობასა და წაკითხვას.

„შექმენი შენი ხელნაწერი“

კალიგრაფიის მასტერკლასი, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ქართული კალიგრაფიის ტრადიციებს და შექმნიან საკუთარ კალიგრაფიულ ნამუშევარს.

„ერთი ხელნაწერის ისტორია“

მინი-გამოფენა-ლექცია, რომლის საშუალებითაც მონაწილეები გაეცნობიან ხელნაწერების ისტორიას, შექმნას, მოგზაურობასა და დაცვის პროცესს.



ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ IX–XII კლასების მოსწავლეებს.

მონაწილეობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ:

ისტორია • ქართული ენა და ლიტერატურა • მეცნიერება • ხელოვნება • კულტურული მემკვიდრეობა • კვლევა

მოსწავლეს არ სჭირდება სპეციალური სამეცნიერო გამოცდილება – მნიშვნელოვანია ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და საკუთარი იდეის კვლევის სურვილი.



როგორ მიიღოს მოსწავლემ მონაწილეობა?

აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა - ზემოაღნიშნული მიმართულებებიდან ან თავად შემოგვთავაზოს საკუთარი თემა, რომელიც კონფერენციის ძირითად თემატიკას უკავშირდება;

მოამზადოს მცირე კვლევითი ნაშრომი - მოცულობით არაუმეტეს 200 სიტყვისა;

გამოაგზავნოს ნაშრომი დადგენილი ფორმატის შესაბამისად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე;

გაიაროს შერჩევის ეტაპი - წარმოდგენილ ნაშრომებს შეაფასებს კონფერენციის საორგანიზაციო კომისია;

შერჩევის შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა კონფერენციაში და საკუთარი კვლევა წარადგინოს აუდიტორიის წინაშე.

მოსწავლეებს კვლევის მომზადების პროცესში შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები და გაეცნონ მცირე კვლევის დაგეგმვის, ინფორმაციის მოძიების, წყაროებთან მუშაობისა და ნაშრომის მომზადების ძირითად პრინციპებს.



ნაშრომის წარდგენის ფორმატი

მოსწავლის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს:

საკვლევი თემის/ნაშრომის სათაურს;

მოკლე კვლევით ტექსტს - არაუმეტეს 200 სიტყვისა;

გამოყენებულ წყაროებს - იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის მომზადებისას გამოყენებულია წიგნი, სტატია, ვებრესურსი, ხელნაწერი ან სხვა მასალა;

მოსწავლის სახელსა და გვარს;

მასწავლებლის სახელსა და გვარს;

რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/სოფელი, სკოლის დასახელებასა და კლასს;

საკონტაქტო ელფოსტასა და ტელეფონის ნომერს.

მასწავლებლის საკონტაქტო ელფოსტასა და ტელეფონის ნომერს.



მონაწილეობის მისაღებად

მოსწავლემ შერჩეულ თემაზე მომზადებული ნაშრომი უნდა გამოაგზავნოს 21 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ელფოსტა: schoolconf@manuscript.ge

წერილის სათაურში სასურველია მიეთითოს: „საბავშვო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია“.

წარმოდგენილ ნაშრომებს განიხილავს კონფერენციის საორგანიზაციო კომისია. შერჩეულ მონაწილეებს კონფერენციის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან 1-8 დეკემბრის პერიოდში მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე.



მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:

ელფოსტა: schoolconf@manuscript.ge



შემოგვიერთდი და აღმოაჩინე, რა იმალება ხელნაწერებში!

„მეცნიერება ხელნაწერებში: წარსულის ცოდნა მომავლისთვის“


ვიწვევთ სკოლებს თანამშრომლობისთვის!