2026 წლის 5 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დამთვალიერებლებს ხელნაწერებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასთან ერთად, სხვადასხვა პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობა შესთავაზა.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქაღალდის რესტავრაციის პროცესს, მის ძირითად ეტაპებს, გამოყენებულ მასალებსა და მეთოდებს. მონაწილეებმა პრაქტიკულად ნახეს, როგორ ხდება დაზიანებული დოკუმენტების შენარჩუნება და თავადაც ჩაერთნენ რესტავრაციის პროცესში.
ფესტივალის მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ცოდნა შემეცნებითი თამაშის საშუალებით შეემოწმებინათ. კითხვები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა, სწორ პასუხებს კი სიმბოლური საჩუქრები მოჰყვა.
შემეცნებით-გასართობი აქტივობების ფარგლებში გაიმართა ფაზლის აწყობის შეჯიბრი. მონაწილეებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული ხელნაწერების მიხედვით დამზადებული ფაზლები ააწყვეს.
ერთ-ერთი პრაქტიკული აქტივობა იყო „დედა ენის“ ბეჭდვის ვორქშოფი. მონაწილეებმა ცენტრში დაცული „დედა ენის“ სახელმძღვანელოს კლიშეების მიხედვით დამზადებული საბეჭდი ფორმების გამოყენებით სახელმძღვანელოს რამდენიმე გვერდის ბეჭდვის პროცესის იმიტაციაში მიიღეს მონაწილეობა. ვორქშოფის მიზანი ისტორიული ბეჭდვითი ტექნოლოგიების გაცნობა და ქართული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღრმავება იყო.
დღის დასასრულს ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ხელნაწერთა ცენტრის ფონდების შესახებ ლექცია წაიკითხა ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ აბულაძემ.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.