II საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა

აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე

(ისტორიულკულტუროლოგიური ასპექტები)

25-31 მაისი

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი „საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის” ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.  სკოლა განიხილება როგორც პლატფორმა, რომელზედაც შესაძლებელია აფხაზეთის თემაზე კვლევის სხვადასხვა მიმართულებით  საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირება მომავალი ერთობლივი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევებისათვის.

პროექტის მიზანია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

 

საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია. შემოვიდა 70-ზე მეტი სააპლიკაციო ფორმა, სააპლიკაციო ფორმების დამუშავების შედეგად შეირჩა პროექტით გათვალისწინებული 16  მონაწილე ფიზიკური დასწრების რეჟიმში და 14 ონლაინ მონაწილე, მათ შორის, ინდიანას (აშშ), ვარშავის (პოლონეთი), ბელგრადის (სერბეთი), რიზესა და ანკარის (თურქეთი), სლოვაკეთის, ტაშკენტის (უზბეკეთი), საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრანტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა დოქტორები. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში არსებული სკოლების ისტორიის მასწავლებლები.

 

სკოლის სამუშაო პროგრამის შესახებ

სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს:

ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“

      1. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე
      2. საეკლესიო პროცესები აფხაზეთში
      3. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა
      4. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

მოდულების ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:

  • 20 ლექცია (იხ. პროგრამა), მათ შორის, 2 გასვლითი სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ატენის სიონი, სვეტიცხოველი, ჯვარი);
  • დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში: 1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე;
  • პანელური დისკუსია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა 5 მოხსენება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, თანამედროვე საეკლესიო პროცესების, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემების თემებზე;
  • უნიკალური გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილ იქნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, აფხაზეთის თემატიკასთან უშუალოდ დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, კარტოგრაფიული და საარქივო მასალა (ორიგინელები). ასევე, იშვიათი გამოცემები – „აფხაზური დედაენა“ („ანბან შიყუ“), პირველშედგენილი ქართული გრაფემებით, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანი (ქართული მხედრული შრიფტით შესრულებული);
  • ინტერაქტიული პროგრამა – სიმულაცია „აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდებში“, რომელიც ითვალისწინებდა მონაწილეთა მუშაობას საარქივო მასალასთან საგანგებოდ მომზადებული სამუშაო ბარათების საფუძველზე;
  • საერთაშორისო სკოლა ლოგიკურად დასრულდა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციებით.

 

 

სკოლის აკადემიური პერსონალის შესახებ

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლის „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“  პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო.

სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარეს სხვადასხვა თაობისა და სამეცნიერო სკოლების წარმომადგენლებმა. სკოლის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედიოდნენ: დარგში ცნობილი ქართველი მეცნიერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები (დოქტ. შალვა გლოველი, თემო ჯოჯუა, ნინო ქავთარია, თამარ აბულაძე, სხვ.); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი (პროფესორები ზურაბ პაპასქირი, ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა); უცხოელი მკვლევარები (პროფ. ოლივერ რაისნერი, პროფ. ტიმოთი ბლაუველთი), დარგის სპეციალისტები (პროფესორები გიორგი ანჩაბაძე. თეიმურაზ გვანცელაძე,  თამარ ქორიძე,  სხვ.).

 

პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის დოქტორი, თეა ქართველიშვილი, კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი

პროექტის კოორდინატორი: პედაგოგიკის დოქტორი, ირინა გოგონაია, კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი.

დღე პირველი - სკოლის გახსნა
II დღე
III დღე
Section
Section
Section