ალექსანდრა (1895-1974), ალექსანდრე (ალიოშა) (1899-1945) და სიმონ (1896-1929) ჯაფარიძეები
ალექსანდრა (1895-1974), ალექსანდრე (ალიოშა) (1899-1945) და სიმონ (1896-1929) ჯაფარიძეები
ალექსანდრა ჯაფარიძე: ქართველი სპორტსმენი, პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ალპინისტთა კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945).
ალექსანდრა ჯაფარიძემ დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მონაწილეობდა საეტაპო მნიშვნელობის პირველ ალპინისტურ ასვლებში: მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934); მონაწილეა ცენტრალური კავკასიონის დიდი ტრავერსისა (1940); აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის გამოქვაბული (1948) და სხვ. მისი სახელი მიენიჭა მწვერვალს ჭაუხების მასივში.
ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე: ქართველი სპორტსმენი, ალპინისტი, მთამსვლელობის ორგანიზატორი და საქართველოს ალპინისტთა კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941).
ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკის ფაკულტეტი. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო საეტაპო მნიშვნელობის პირველი ალპინისტური ასვლები: თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934); ხელმძღვანელობდა ცენტრალური კავკასიონის დიდ ტრავერსს (1940); პირველმა შეისწავლა ხვამლის, ტვიშის, ორხვისა და ორპირის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ალპინისტთა კლუბს (1945), მწვერვალებს კავკასიონსა და პამირზე.
სიმონ ჯაფარიძე: ქართველი სპორტსმენი, ალპინისტი, გეოლოგი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
სიმონ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა პირველი ალპინისტური ასვლები: იალბუზზე (1925), მყინვარწვერზე (1926) ახალი გზით, რომელსაც შემდეგ “ჯაფარიძის გზა” ეწოდა. 1929 წელს აღმოაჩინა ლოპოტის მარმარილოს საბადო. მისი სახელი მიენიჭა ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიურ სადგურს და კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს.
ალექსანდრა, ალექსანდრე (ალიოშა) და სიმონ ჯაფარიძეების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი ცენტრს შემოსწირა გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ჟურნალისტმა, მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეს-სპიკერმა ივანე ჯაფარიძემ 2009 წლის 2 თებერვალს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი