„ვაჟას შემოქმედება – შტრიხები პორტრეტისათვის“

საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი „ვაჟას შემოქმედება – შტრიხები პორტრეტისათვის“

პროექტი ხორციელდება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის საიუბილეოდ (2021 წლის 1-28 ნოემბერი)

2021 წელს სრულდება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი. საგულისხმოა, რომ ამავე წელს სრულდება, ასევე, ბაჩანას (ნიკოლოზ რაზიკაშვილი) დაბადებიდან 155 წელი.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი: ყველასთვის ცნობილი პოემების ვაჟასეული ავტოგრაფები, პუბლიცისტური წერილები თუ პირადი მიმოწერა.

მწერლის დაბადებიდან 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას სთავაზობს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს „ვაჟას შემოქმედება – შტრიხები პორტრეტისათვის“.

პროექტის ორგანიზატორი:

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება;

პროექტის პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
  • მანანა ბეგიაშვილის ლიტსახელოსნო;
  • აფხაზეთის სულიერების ცენტრი;
  • ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის.
  • ქალაქ თბილისის მერია და პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“.
  • ახალგაზრდა კალიგრაფთა გაერთიანება „რუსთაველი კალიგრაფები“.

გამოფენის გახსნა (ჰიბრიდული ფორმატით) – 22 ნოემბერს

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის საიუბილეოდ გამოიფინება მისი შემოქმედების ორიგინალები, პირადი მიმოწერა. ვაჟასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების გარდა, საზოგადოება იხილავს ბაჩანასთან (ნიკოლოზ რაზიკაშვილი) დაკავშირებულ მასალას.

მასშტაბური  გამოფენის პარალელურად განხორციელდება შემდეგი საიუბილეო პროექტები:

სალექციო შეხვედრები (ჰიბრიდული ფორმატით):

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო-სადისკუსიო შეხვედრები ვაჟას შემოქმედების მცოდნე საინტერესო ადამიანებთან:

ესმა მანია – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი, ვაჟა-ფშაველას და XIX-XX საუკუნეების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების მცველი;

ლევან ბერძენიშვილი – ფილოლოგი;

გიორგი კეკელიძე – მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;

ლელა რაზიკაშვილი – ვაჟა-ფშაველას შთამომავალი.

ლიტერატურული სალონი „ვაჟას შემოქმედება – შტრიხები პორტრეტისათვის“ – მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი. ეს არქივი ინახავს ყველასათვის საყვარელ და უაღრესად საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებების ორიგინალებს, მათ სამუშაო ვერსიებს, სადაც, რიგ შემთხვევებში, სათაურებიც კი სხვაობს და მნახველს შეუძლია მიადევნოს თვალი, როგორ იცვლებოდა, როგორ იქმნებოდა ვაჟას ესა თუ ის გენიალური ქმნილება.

პროექტის აღწერა:

პროექტის ფარგლებში ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეები შექმნიან ორიგინალურ ტექსტებს. საკუთარი თვალით დანახულ ვაჟას პორტრეტებს ახალგაზრდები წარმოადგენენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში – ვაჟას ხელნაწერების სამყაროში, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილში ერთმანეთს გაუზიარებენ დაკვირვებებს ვაჟას ორიგინალების მიხედვით: რომელი რითმა შეცვალა ვაჟამ და რატომ (მათი დაკვირვება და ვარაუდი), რომელი ცნობილი ნაწარმოების სათაური ყოფილა თავდაპირველად სულ სხვა და შემდგომ, განსხვავებული სათაურით წარდგა საზოგადოების წინაშე ბეჭდური წიგნის ფურცლებიდან და სხვ.

შემოქმედებითი სალონის ყველა მონაწილე საჩუქრად მიიღებს საგანგებოდ მათთვის – ვაჟას შემოქმედებისა და უნიკალური ქართული კალიგრაფიის  მიხედვით მომზადებულ სასაჩუქრე ნაკრებს.

ვაჟას პოეზია ჩემი კალიგრაფიით – კალიგრაფიის კონკურსი

კონკურსის სამიზნე აუდიტორია:

კონკურსი ჩატარდება ორ კატეგორიაში:

  • სასკოლო ასაკის საკონკურსო ჯგუფი – საბაზო და საშუალო საფეხური;
  • ზრდასრული დაინტერესებული პირები.

საკონკურსო პირობები:

კონკურსანტმა უნდა შექმნას ვაჟა-ფშაველას შემოქმედების თავისუფალი საკუთარი კალიგრაფიული ვერსია, მაგალითად: ხელნაწერი წიგნის ერთი ან რამდენიმე გვერდი, რომელიმე ციტატა პოეზიიდან ან პროზიდან.

გამარჯვებულთა გამოვლენა:

  • დასახელდება გამარჯვებულთა სამეულები ორივე კატეგორიაში;
  • გამოვლინდებიან ნომინანტები (ნამუშევრებიდან გამომდინარე);

საკონკურსო ვადები:

  • 1 ნოემბერი – კონკურსის გამოცხადება;
  • 1-15 ნოემბერი – საკონკურსო ნამუშევრების მიღება;
  • 22 ნოემბერი – გამარჯვებულთა გამოვლენა;
  • 22-28 ნოემბერი – გამარჯვებულების კალიგრაფიულ ნამუშევართა გამოფენა.

 

გაეცანით დანართს: დანართი

ნამუშევრების გამოგზავნის პროცედურები:

კონკურსანტებმა ნაწერების მაღალი ხარისხის ფოტო ან სკანირებული ასლი  უნდა გამოგზავნონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ელექტრონულ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ტელ.: 599 899 635