ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა – 2019

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია

„ქართული ხელნაწერი“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ლუვენის უნივერსიტეტის (UCL) მონაწილეობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის – „ქართული ხელნაწერი“ – მონაწილეთა შესარჩევად.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლების ჩატარების ექვსწლიანი წარმატებული გამოცდილება.  ცენტრის სტატუსი, მისი ავტორიტეტი და სკოლის თემატიკა განაპირობებს სკოლის მიმართ დიდ ინტერესსა და აპლიკანტთა აქტივობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრენგეთი, ბელგია, ავსტრია, პოლონეთი და სხვ.).

2019 წელს გათვალისწინებულია საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის განხორციელება, რომელიც ორ ღონისძიებას მოიცავს: ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას და სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხელნაწერი“. შესაბამისად, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე ცხადდება მიღება საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები  იწვევენ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს და დოქტორებს), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ.).

საერთაშორისო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ პროგრამა უნიკალურია. სასწავლო მოდულების შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს. სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში სწავლობენ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებს, საარქივო მასალას. სკოლის მუშაობაში აგრეთვე მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციების (უნივერსიტეტების, ეროვნული მუზეუმის) წარმომადგენლები და უცხოელი მკვლევრები.

საზაფხულო სკოლის ლოგიკური გაგრძელებაა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“ (პროექტის მეორე ეტაპი), რომელზეც თავისი კვლევების პრეზენტაციებით წარდგებიან სკოლის შერჩეული მონაწილეები და ლექტორები. კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას. სამეცნიერო კონფერენციაზე დაგეგმილია ერთი პლენარული სხდომა  და სამი სექცია შემდეგი მიმართულებების შესაბამისად:

  • აღმოსავლური ქრისტიანული ხელნაწერების კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, წიგნის ხელოვნება;
  • ხელნაწერი მემკვიდრეობის კატალოგიზაცია, ბაზები და დიგიტალიზაცია;
  • სამეცნიერო პროექტების პრეზენტაციები.

 

„ქართული ხელნაწერი“ – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და სამეცნიერო კონფერენცია -განხორციელდება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტის (ბელგია) თანამშრომლობით, რაც ღონისძიებას ფართო საერთაშორისო მასშტაბს მისცემს და შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

სამეცნიერო ფორუმის „ქართული ხელნაწერი“ განხორციელება გათვალისწინებულია 2019 წლის 10-20 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია კონფერენციის თეზისების ბეჭდვა, კონფერენციის მოხსენებების ელექტრონული კრებულის გამოცემა.

პროექტი უზრუნველყოფს  მსმენელების  დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს, აკადემიურ პროგრამას;  არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების  მგზავრობის ხარჯს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 10 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@manuscript.ac.ge.

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა.

 

საზაფხულო სკოლის გუნდი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

E-mail: summerschool@manuscript.ac.ge

 

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მ. ალექსიძის 1/3

0193, თბილისი, საქართველო

www.manuscript.ge

info@manuscript.ac.ge