ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) (1861-1915)

პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, ასევე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში (1877-1879). 1882 დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია. 1883-1884 პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. გარკვეული პერიოდი მუშაობდა მასწავლებლად. 1888 მშობლიურ ჩარგალში დაბრუნდა. არის მრავალი ლექსისა და პოემის ავტორი. მისი ნაწერები იმდროინდელ პრესაში იბეჭდებოდა. მის პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. 1961 აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 100 წლისთავი.

ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ვაჟა-ფშაველას ფონდი 262 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი