თედო სახოკია (1868-1956)

მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს. 1886 წლიდან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგალური გაზეთის “საქართველოს” თანარედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა ილია ჭავჭავაძის “ივერიაში” დაიწყო. თანამშრომლობდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში (“დროება”, “სახალხო გაზეთი”, “ნოვოე ობოზრენიე”, “კავკაზ”), განსაკუთრებით კი – “ცნობის ფურცელსა” და “მოამბეში”, რომლებისთვისაც პარიზიდან აგზავნიდა წერილებს. 1916 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. მისი თარგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. მან შეკრიბა ქართული ანდაზები (გამოქვეყნდა 1967) და ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი (ტ. I-III, 1950-1955).

თედო სახოკიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1974 წლის 18 მარტს (შემოსულობათა წიგნი # 420).

თედო სახოკიას ფონდი 1988 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი