ალბომის პრეზენტაცია

2017 წლის 12 იანვარს, 15:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით „ძველი აღთქმის მინიატიურები ქართულ ხელნაწერებში“ გამოცემაში თავმოყრილია ძველი აღთქმის 252 მინიატიურა, რომელბითაც შემკულია XI-XVIII სს-ში შექმნილი 17 ქართული ხელნაწერი წიგნი. უდიდესი ნაწილი ძველი აღთქმის მინიატიურებისა XI-XVIII სს-ით დათარიღებული ფსალმუნების ილუსტრაციას ემსახურება. მასალა დალაგებულია თემატურად, ხოლო თითოეული თემის ფარგლებში – ბიბლიური ისტორიის ქრონოლოგიის გათვალისწინებით. ერთი და იგივე თემატური სიუჟეტი წარმოდგენილია სხვდასხვა ეპოქაში შექმნილი ხელნაწერების საფუძველზე. ასე თავმოყრილი მინიატიურები კი საშუალებას გვაძლევს ნათლად წარმოვიდგინოთ ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრულ-დეკორატიული სისტემის, სიუჟეტებისა და გრაფიკული ფორმების განვითარების პროცესი. ალბომში წარმოდგენილია არამხოლოდ სიუჟეტური კომპოზიციები, არამედ XII ს-ის მდიდრულად ილუსტრირებული ოთხთავების მოხატულობაში არსებული ძველი აღთქმის სიმბოლოებიც. გამოცემაში სრულად არის თავმოყრილი და ქრონოლოგიური თვალსაზრისით განთავსებული კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ძველი აღთქმის სიუჟეტებისა თუ სახე-სიმბოლოების XI-XVIII სს-ში შექმნილი ყველა გამოსახულება. ალბომი დიდ დახმარებას გაუწევს ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებულ პროფესიონალებსა და ფართო საზოგადოებას, საფუძვლიანად გაეცნონ ბიბლიური თემატიკის ქართული ხელნაწერი წიგნების შექმისა და მხატვრული გაფორმების პრინციპებს.