ყიფშიძეები

ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი) (1862-1916): ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი (1888). მუშაობდა სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობაზე (მათ შორის, ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად). იყო გაზეთ “საქართველოს” ერთ-ერთი დამაარსებელი, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრი. იკვლევდა XIX ს-ის საქართველოს ისტორიის საკითხებს. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.

გრიგოლ ყიფშიძე (1858-1921): მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი, ბიბლიოგრაფი. თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (“ივერია”, “დროება”, “ცნობის ფურცელი”, “მოამბე”). 1881 წლიდან იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მდივანი. 1903-1905 გაზეთ “ივერიის” რედაქტორი.

ილია ყიფშიძე (1882-1953): გეოლოგი, საქართველოს გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაამთავრა რაინ-ვესტფალიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა (ქ. აახენი, 1908). 1919 წლიდან მუშაობდა თსუ-ში, აგრეთვე, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1928-1938). მან ალექსანდრე თვალჭრელიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის სწავლებას.

ზაქარია ყიფშიძე (1873-1938).

ყიფშიძეების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1996 წლის 31 მაისს (შემოსულობათა წიგნი #677). ყიფშიძეების ფონდი 1411 საარქივო საქმეს შეიცავს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი