ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1865) და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1868 სწავლობდა გერმანიაში – მიუნხენისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებში, შემდეგ ავსტრიაში – ვენაში. 1871 წლიდან განაგებდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თსუ-ს პროფესორი. ქართულ და რუსულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ქართული მწერლობის საკითხებზე, ეწეოდა ქართული ხელნაწერების მოძიებას, აღწერასა და შესწავლას. საგანგებოდ მოიარა მთელი საქართველო, 1883 გაემგზავრა საზღვარგარეთ. მოვლო პალესტინა, ათონისა და სინას მთის ქართული კულტურული კერები. მის მიერ წარმოდგენილი მასალა თითქმის უცნობი იყო მკვლევართათვის. ა. ცაგარელმა პირველმა აღწერა 864 წლით დათარიღებული სინური მრავალთავი.

 

ალექსანდრე ცაგარელის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივის ნაწილი შემოვიდა 1959 წლის 27 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 14).

 

ალექსანდრე ცაგარელის ფონდი 54 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) სამსახურეობრივი საქმიანობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი