აკაკი ჭანტურია (1881-1949)

მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი. მონაწილეობდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო-საძიებო ექსპედიციებში. ლონდონის გეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო (1904-1920). შუალედში, 1912, საქართველოში დაბრუნდა, შეაგროვა სამეგრელოში არსებული დიდძალი გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა. 1913 წლის ბოლოს კვლავ საზღვარგარეთ გაემგზავრა. სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეგიაში და სამხატვრო კოლეჯში. მიიღო ლონდონის უნივერსიტეტის ბაკალავრის სამეცნიერო წოდება. 1919 ამერიკაში გაემგზავრა. სწავლობდა ჩრდ. კაროლინის უნივერსიტეტში, ბრეტის კოლეგიაში. 1920 წლიდან სამუდამოდ დაბრუნდა საქართველოში. ამ პერიოდიდან მან მთელი თავისი ენერგია სამეგრელოს სხვადასხვა სასახლეში გაბნეული დადიანების ქონების ერთად თავმოყრასა და მუზეუმის დაარსებას შეალია. ამ გზაზე მას მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა (საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის დააპატიმრეს კიდეც). 1921 დააარსა სამეგრელოს მუზეუმი (დღევანდელი ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი), სადაც თავი მოუყარა მატერიალური და სულიერი კულტურის უმდიდრეს კოლექციას.

 

აკაკი ჭანტურიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ვაჟმა არიანე ჭანტურიამ 2007 წლის 29 მარტს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი