გამოცემები
გამოცემები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უნიკალური ხელნაწერი წიგნი – „მსოფლიოს
გეოგრაფია“ (A-717), რომლის ავტორია ვახუშტი ბატონიშვილი. მას, როგორც გეოგრაფს, ფართო საზოგადოება კარგად იცნობს ნაშრომებით:
„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და საქართველოს ატლასი. ვახუშტი ბაგრატიონის `მსოფლიოს გეოგრაფია~ ნაკლებად არის ცნობილი
ვიწრო აუდიტორიისთვისაც კი. გამორჩეულად საინტერესოა ამ ხელნაწერში ჩართული 27 რუკა, შექმნილი ვახუშტი ბაგრატიონის ხელით: მსოფლიოს ნახევარსფეროები, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რუსეთი, აზიის ქვეყნები: ოსმალეთი, სირია, ერაყი, ჩინეთი, კორეა, იაპონია, ინდოეთი, ასევე, აფრიკა, ამერიკის ორივე კონტინენტი. 1752 წელს შექმნილი ეს რუკები ასახავს, ერთი მხრივ, იმას, თუ რა იცოდნენ საქართველოში იმჟამინდელი მსოფლიოს ქვეყნების შესახებ; როგორია ევროპული კარტოგრაფიული ცოდნის გამოვლინება საქართველოში, მეორე მხრივ კი, რა ადგილი უჭირავს ვახუშტის ევროპულ კარტოგრაფიულ აზროვნებაში. ატლასი „ვახუშტი ბაგრატიონის მსოფლიოს გეოგრაფია“ პირველად ხდის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ოცდაშვიდივე რუკას. გამოცემის არქიტექტონიკაც იმგვარადაა შედგენილი, რომ ის საინტერესო იქნება როგორც პროფესიული აუდიტორიისათვის, ისე საგანმანათლებლო დანიშნულებით. გარდა ამისა, ვინაიდან კატროგრაფია ხშირად არის ცალკეული ადამიანების ჰობი და საყვარელი სფერო, ატლასს დიდი ინტერესის გამოწვევა შეუძლია ფართო საზოგადოებაშიც.