გამოცემები
გამოცემები
ნაშრომი თავისი ფუნქციით, შედგენილობითა და მოცულობით საეტაპო მნიშვნელობის შრომაა ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის ურთიერთშემხვედრი პრობლემებისა და ამოცანების კვლევა-ძიების საქმეში.
ლექსიკონში მასალა შესულია ძველი ქართული და ძველი სომხური მწერლობის ძეგლებიდან. მაქსიმალურად სრულადაა წარმოდგენილი მასალა ბიბლიიდან, ნაკლები სისრულით – ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური ძეგლებიდან. მასალა ამოღებულია როგორც ხელნაწერებიდან, ასევე ძველნაბეჭდი წიგნებიდან. მასში გამოყენებული წყაროები, ძირითადად, ადრებიზანტიური ხანის თარგმანებია, როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე. ამდენად, ეს ლექსიკონი ბიზანტიური კულტურის კვლევის კონტექსტში თავსდება და მნიშვნელოვნად ამდიდრებს, როგორც ბიზანტიური, ისე ქართულ-სომხური ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების კვლევის ისტორიას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლექსიკონს ერთვის ინვერსიული საძიებელი. ეს არის ნიმუში ორენოვანი დოკუმენტირებული ლექსიკონისა, და ზოგადად, უდიდესი მნიშვნელობის ნაშრომია ლექსიკოგრაფიაში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ილია აბულაძის აღნიშნული ნაშრომი არის ყველაზე სრულყოფილი ძველი ქართული ენის დოკუმენტირებული ლექსიკონი, რომელიც სამაგიდო წიგნი გახდება ქართული ლიტერატურით, ენითა და ქართულ-სომხური ენობრივი თუ ლიტერატურული ურთიერთობებით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მკვლევარებისათვის; იგი ასევე ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს ძველი სომხური საისტორიო წყაროების ქართულ ენაზე მთარგმნელებს.