გამოცემები
გამოცემები
ბიბლია – საღმრთო წიგნების კრებული ორი ნაწილისაგან, ძველი და ახალი აღთქმისაგან შედგება. ბიბლიის თარგმნა ქართულ ენაზე საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და დამკვიდრების ხანას (IV-VI სს-ს) უკავშირდება. ბიბლიის მეტნაკლებად ყველაზე სრული ხელნაწერი და ამავდროულად უძველესი ნუსხა 978 წელს გადაწერილი ოშკის იგივე ათონის ბიბლიაა. ოშკის ხელნაწერის გარდა ჩვენამდე ბიბლიის – ძველი აღთქმის წიგნების შემცველმა 60-ზე მეტმა ხელნაწერმა და ფრაგმენტმა მოაღწია. სამწუხაროდ არცერთ მათგან სრული ტექსტი (39 კანონიკური და 11 არაკანონიკური წიგნი) არ შემოუნახავს. ხელნაწერთა ერთი ჯგუფი ბიბლიის იმ ტექსტებს შეიცავს, რომლებიც მეორე გჯუფის ხელნაწერებში დაკარგულია და პირიქით.
ბიბლიის სრული ტექსტის არსებობაზე ზრუნვა ქართველმა მოღვაწეებმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დაიწყეს: 1709 წელს, თბილისში, ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა ფსალმუნისა და ახალი აღთქმის ტექსტები, ხოლო 1710-1711 წინასწარმეტყველთა წიგნები, რომლებიც მხოლოდ გელათის ბიბლიის (A 1108) ხელნაწერს ეფუძნებოდა. ბიბლიის დანარჩენი ნაწილები ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო დაუბეჭდავი დარჩა. ბიბლიის ყველაზე სრული კრებული, რომელიც ნაბეჭდი სახით არსებობდა 1743 წელს ქ. მოსკოვში დაბეჭდილი ე. წ. ბაქარის ბიბლია.
XX საუკუნის 60-იან წლებში მაშინდელი ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ერთმა ჯგუფმა ილია აბულაძის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა ბიბლიის – ძველი აღთქმის კრიტიკული ტექსტის გამოსაცემად, სადაც გათვალისწინებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (სინის მთა, იერუსალიმი, ათონი და სხ.) დაცული ყველა არსებული ხელნაწერის მონაცემები. ამ ჯგუფმა აღწერა ბიბლიური წიგნების შემცველი ყველა ხელნაწერი და ფრაგმენტი. ამ საქმეს რამდენიმე თაობის რუდუნებითი შრომა დასჭირდა. XX საუკუნის 80-იან წლებსა და 90-იანი წლების დასაწყისში ცალკეულ ნაკვეთებად გამოიცა ძველი აღთქმის ტექსტების ნაწილი, მაგრამ სრული, ერთიანი, ტექსტის გამოცემა ვერ მოხერხდა.