კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TİKA) თანამშრომლობითა და მისი ფინანსური ხელშეწყობით განახორციელა პროექტი „ცენტრში დაცული თურქულენოვანი ხელნაწერი მასალის დაცვისა და კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხები: არსებული გამოცდილება და თანამშრომლობის პერსპექტივები“.
პროექტი მიზნად ისახავდა არსებული გამოცდილების გაზიარებას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და თურქეთის სიძველეთსაცავებში დაცული თურქულენოვანი ხელნაწერების დაცვის, კონსერვაცია-რესტავრაციის, პრევენციული ღონისძიებებისა და მასალის სტრუქტურული კვლევის მიმართულებით. პროექტი ორ ფაზად განხორციელდა — ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (თბილისი) და სტამბოლის საცავებში.
პროექტი მნიშვნელოვანი და შედეგიანი აღმოჩნდა ცენტრის რესტავრატორებისთვის. მათ შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ აღმოსავლური ხელნაწერი მასალის კონსერვაცია-რესტავრაციის უახლეს მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებს, ასევე გაეფართოებინათ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. აღნიშნულმა პროექტმა გააძლიერა პროფესიული კომპეტენციები და გამოკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.