კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო.
შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა აბაშიძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაციის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
ვიზიტის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ქართული კალიგრაფიის პირველ საერთაშორისო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი დიასპორული, საგანმანათლებლო, კულტურული და შემეცნებითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიული ტრადიციების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში.
ვიზიტის ფარგლებში თიკა სვანიძე-ვენკომ ზაზა აბაშიძეს საჩუქრად გადასცა კალიგრაფ დავით მოისწრაფიშვილის ნამუშევარი, რომელიც ქართული კალიგრაფიის თანამედროვე მიმართულებას ასახავს.
თავის მხრივ, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ თიკა სვანიძე-ვენკოს და დავით მოისწრაფიშვილს საჩუქრად გადასცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემა, რომელიც ქართულ-ბერძნულ ხელნაწერსა და მის სამეცნიერო კვლევას ეძღვნება.
მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კვლევისა და პოპულარიზაციის მიმართულებით და ქმნის საფუძველს მომავალში ერთობლივი, მრავალფეროვანი და საერთაშორისო მნიშვნელობის ინიციატივების განხორციელებისთვის.