„ კორნელი კეკელიძე – 138 “

10 მაისს, 14:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „კორნელი კეკელიძე – 138“, რომელიც ეძღვნება უდიდესი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის, იუბილეს.

კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და სამი სამეცნიერო დაწესებულება: „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი“, ‘შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი“ იღებს მონაწილეობას.

სამეცნიერო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგებიან: ლელა ხაჩიძე (თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი, ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი): თემით – სტეფანე სანანოჲსძე-ჭყონდიდელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ; ეკატერინე ჩიკვაიძე (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი): თემით –  პოლიჟანრულობა და ძველი ქართული სასულიერო მწერლობა; დავით შენგელია (კ.კეკელიძის სახ.საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი): თემით – არსენ იყალთოელის ერთი თარგმანის – „გამოკრებანი წამებათანი“ – ბერძნული წყაროს შესახებ;

კონფერენცია ერთდღიანია და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.

ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ლიტერატურათმცოდნის, თეოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებლისა და აკადემიკოსის კორნელი კეკელიძის ღვაწლი განუზომელია სხვადსხვა მიმართულებით. მან თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.