ისტორიული დოკუმენტები
ისტორიული დოკუმენტები
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია:
X-XIX საუკუნეების 30.000-ზე მეტი ქართული და რამდენიმე ათასი უცხოენოვანი ისტორიული დოკუმენტი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპარსული და თურქული დოკუმენტები, მათ შორის კი შაჰის ფირმანები, ოქმები…
საქართველოსა და ირანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა კულტურულ-პოლიტიკური მრავალფეროვნებით ხასიათდება. ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკური მდებარეობა მჭიდროდ აახლოვებდა ისტორიული მეზობლების კულტურას და მათ ურთიერთგამდიდრებას უწყობდა ხელს.
XVI-XVIII საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვნად იყო განპირობებული ირანის პოლიტიკური კურსით. ეს ფაქტი დადასტურებულია სპარსული, ქართული და ქართულ-სპარსული დოკუმენტური და ნარატიული წყაროებით.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 500-მდე სპარსული და რამდენიმე ათეული ქართულ-სპარსული დოკუმენტი, რომლებიც მოიცავს ირანის შაჰების ფირმანებს, ოქმებს, არზებს, ნასყიდობის წიგნებს და სხვ. ეს დოკუმენტები ეხება საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანის, სომხეთის, დეღესტნის) პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას, ასევე რუსეთ-ირანის დაპირისპირებას კავკასიის რეგიონში (XIXს.-ის სპარსული დოკუმენტები).
დოკუმენტების ნაწილი საყურადღებოა მოხატულობის თვალსაზრისით და სპარსული ხელნაწერი წიგნების ილუმინაციის საუკეთესო ტრადიციების დაცვით, სინატიფითა და ფერადოვნებით ხასიათდება.
ქართულ სიძველეთსაცავებში დაცული სპარსული ისტორიული დოკუმენტების შესწავლას ქართველი მეცნიერების მიერ დიდი ხნის ისტორია აქვს. თუმცა ეს მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი ფართო წრეებისათვის. ინგლისურენოვანი ვებ-გვერდი საქართველო-ირანის ურთიერთობის ამსახველი ნარკვევით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სპარსული დოკუმენტების სრული კატალოგითა და მოხატული ერთეულების წარმოდგენით მათი სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვის საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კონკრეტული რეგიონის (ამიერკავკასია და ახლო აღმოსავლეთი), არამედ, ზოგადად ქრისტიანული და მუსლიმური კულტურების ურთიერთობათა შესწავლის თვალსაზრისით.