სარესტავრაციო მაცნე

რედაქტორი

ნესტან ჩხიკვაძე (კოდიკოლოგი)

 

რედკოლეგია

თამარ აბულაძე (ფონდების მართვა)

თამარ დვალიშვილი (რესტავრატორი)

მაია კარანაძე (კოდიკოლოგი-ყდის სპეციალისტი)

ვლადიმერ კეკელია (წყაროთმცოდნე-არქივთმცოდნე)

რევაზ კლდიაშვილი (ქიმიკოსი-რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი)

ნინო ქავთარია (ხელოვნებათმცოდნე)

ლელა შათირიშვილი (კოდიკოლოგი)

 

საგამომცემლო ჯგუფი

ირმა ბერიძე

ლანა გრძელიშვილი

დიმიტრი გურგენიძე  (ფოტო მასალით უზრუნველყოფა)

თამარ ჟღენტი  (თარგმანი)

„სარესტავრაციო მაცნის“ სტანდარტები

„სარესტავრაციო მაცნე“ არის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოველწლიური ბეჭდური ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს ხელნაწერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვის, კონსერვაციისა და რესტავრაციის არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ კვლევითი მიმართულების ხელშეწყობას, ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტის) 60-წლიანი გამოცდილებისა და დარგის განვითარებაში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე სტანდარტების  სამეცნიერო საზოგადოებისათვის წარდგენას, ხელნაწერ სიძველეთა დაცვა-აღრიცხვითა და რესტავრაციით დაკავებულ სამეცნიერო ცენტრებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.შესაბამისად, „სარესტავრაციო მაცნეში“ დაიბეჭდება არა მხოლოდ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა, არამედ ზემოთ აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მკვლევართა სტატიები.

„სარესტავრაციო მაცნეში“ გამოქვეყნდება როგორც სამეცნიერო, ასევე საინფორმაციო შინაარსის სტატიები.

სამეცნიერო სტატია უნდა უპასუხებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. სტატიაში განხილული საკითხი უნდა ეხებოდეს როგორც დაცვა-აღრიცხვისა და კონსერვაცია-რესტავრაციის მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერი წიგნისა და ისტორიული დოკუმენტის წარმოების ისტორიასთან (კინძვა, დეკორირება, საწერ მასალათა თავისებურება) დაკავშირებულ ცალკეული ერთეულის აქტუალურ საკითხებს ;
  2. სტატიაში განხილული უნდა იყოს როგორც პრობლების მნიშვნელობა და არსი, ასევე მის გადაჭრასთან დაკავშირებული ის მეთოდოლოგიური საკითხები, სტანდარტის მოთხოვნები თუ მუშაობის პროცესში გამოვლენილი ახლებური მიდგომის საჭიროება, რომელთა აქტუალობაც ხელნაწერ სიძველეთა დაცვა-აღრიცხვისა და კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში თავად სტატიის ავტორისთვის გახდა თვალნათელი.
  3. სტატიის ავტორი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ზოგადი დებულებებითა და მოსაზრებებით. მის შრომაში წარმოდგენილი უნდა იყოს განხილული საკითხის აქტუალობის, სიახლისა თუ არსებული სირთულის დამადასტურებელი არგუმენტები-მაგალითები და, ასევე, შესაბამისი ვიზუალური მასალა (ფოტოები).
  4. სტატია უნდა ეყრდნობოდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, რაც გულისხმობს განხილულ პრობლემასთან დაკავშირებით არსებული გამოცდილების, სამეცნიერო თუ საინფორმაციო პუბლიკაციის, იდეისა თუ პროექტის ავტორთა ზუსტ დასახელებასა და ციტაციას (ბიბლიოგრაფიის შედგენისათვის იხ. ჟურნალ „მრავალთავის“ სტანდარტი).
  5. სტატია უნდა დაიწეროს სახელმწიფო ენის ნორმების დაცვით, სამეცნიერო ლექსიკით.
  6. სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

საინფორმაციო სტატია უნდა უპასუხებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. უნდა ეხებოდეს წერილობით სიძველეთა აღმოჩენისა და რესტავრაციის შესახებ ინფორმაციას, ანუ მცირე ისტორიას (ვთქვათ, ყუმრანის ანუ მკვდარი ზღვის ხელნაწერებისა თუ ეგვიპტური პაპირუსების თემასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს ან ცოტა რამ ქაღალდის წარმოების ისტორიიდან, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი ფართო სამეცნიერო წრეებისათვის).
  2. ცენტრის სარესტავრაციო საქმიანობის ისტორიიდან მნიშვნელოვან ფაქტებს (ვთქვათ, ჩვენთან დაცულ ბერძნულ პაპირუსებს, მათ მდგომარეობასა და კონსერვაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ან, თუნდაც, მინიატურების კონსერვაციასთან, ვთქვათ, მოქვის ოთხთავის კონსერვაცია ავსტრიელი რესტავრატორის მიერ და სხვ.).
  3. დაზიანების ხარისხისა თუ საწერი მასალის ფაქტურის დიაგნოსტიკასთან, საცავების მიკროკლიმატის რეგულირებასა და სტელაჟების კონსტრუქციასა და ფაქტურასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სივრცეში არსებულ სიახლეებს.

რეცენზირების წესი:

თითოეული სტატია უპირობოდ გაივლის რეცენზირებას ზემოთ მითითებული სტანდარტების საფუძველზე. რეცენზენტის გვარი იქნება ცნობილი და მისი ხელმოწერით წარდგება სტატია ჟურნალში. შესაძლებელი იქნება პოზიციების შეჯერება, ამიტომაც სტატია დაბეჭდვამდე 1,5 თვით ადრე უნდა გადაეცეს რეცენზენტს.

ციტირების წესი: გადმოწერა

პირველი ნომერი გამოვა 2017 წლის დეკემბერში. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი.

სტატიები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: manuscript.macne@gmail.com