132. XV-XVI საუკუნეების საეკლესიო მინიატურის მხატვრული თავისებურებანი ისტორიული რეალიების კონტექსტში. 1 დეკემბერი, 2021 წ.

2021 წლის 1 დეკემებრს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კონრელი კეკელიძის სახელობის სემინარი. მოხსენება წაიკითხა ხელნოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო ციციშვილმა.

XV-XVI საუკუნეების ქართულ საეკლესიო ხელნაწერებში იკვეთება ერთი ჯგუფი – ფსალმუნი, 1494 წ. ხეც. A 351; სახარება,1502 წ. ქსიმ K 375; სახარება, 1504 წ. ხეც Q 921; ვალეს ოთხთავი, 1514 წ. ხეც. A 401; სახარება, XVI საუკუნის დასაწყისი, ქსიმ K 362; სახარება, XVI საუკუნის დასაწყისი, ხეც A 685ბ, რომელთა მხატვრობაში სპარსულ-ოსმალური ორნამენტული სახეები იჭრება და ე.წ. პოსტბიზანტიური სტილის პარალელურად მნიშვნელოვან მხატვრულ დატვირთვასაც იძენს. ამ ხელნაწერის გაფორმებაში სიახლის, თითქოს ნაკლებ ორგანული ფორმების თუ სიმბოლოების მიღება _ გათავისების მენტალური მზაობაა გამომჟღავნებული. ისეთ საკრალურ სივრცეში, როგორიც საეკლესიო ხელნაწერია, ისლამური ხელოვნების მკაფიო დადასტურება, იმ პროცესების მხატვრული გამოხატულებაა, რომელიც ქვეყანაში შიდა აშლილობით თუ სპარსეთისა და ოსმალეთის მომძლავრებული ექსპანსიური პოლიტიკით, ისლამურ აღმოსავლეთთან ნებით თუ უნებლიეთ გააქტიურებული კულტურული ურთიერთობებითაა მნიშვნელოვანწილად განპირობებული. სწორედ ამიტომ, ამ მხატვრულიnმოვლენის უკეთ გასააზრებლად აუცილებლად გასათვალისწინებელია თანადროული ზოგადისტორიული კონტექსტი. საკითხის განხილვისას არანაკლებ დატვირთვას იძენს დამკვეთის
პიროვნება. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი მასალის დიდი ნაწილი ისტორიულ სამცხეს და ათაბაგთა სახლეულს უკავშირდება დადასტურებულად, ხოლო რამდენიმე ნიმუში მხატვრულ – სტილური თვალსაზრისით ექცევა ამავე არეალში. თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ფეოდალური სახლის წარმომადგენლების როლი კი თანადროული საქართველოს ისტორიაში სადღეისოდ კითხვებს არ აჩენს. მათი პოლიტიკური ამბიციები და ფართოდ გაშლილი კულტურული საქმიანობა ერთმანეთს მჭიდროდ ერწმყის და ეს ყოველივე ამ ხელნაწერების მხატვრულ გაფორმებაში თვალსაჩინოდ აირეკლება.
XV-XVI საუკუნეების ჯაყელების სახლეულის დაკვეთით გადაწერილ – მოხატული საეკლესიო ხელნაწერების ამ ჯგუფის მხატვრობაში სპარსული და ოსმალური ორნამენტული ფორმების გაჩენა/დამკვიდრების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სიღრმისეულად გააზრება მნიშვნელოვნად ავსებს დღეისთვის არსებულ სამეცნიერო ცოდნას იმ ხანად ქართულ საეკლესიო მინიატურასა და, ზოგადად ქართულ სახვით ხელოვნებაში მიმდინარე მხატვრულ მხატვრულ-კულტურული პროცესებს შესახებ.