88. ბუბა კუდავა, იშხნის ციხე (ახალი მასალა ტაო-კლარჯეთის ისტორიული გეოგრაფიისათვის) – 13 თებერვალი 2013
„ქართლის ცხოვრების
“ ცნობიდან ჩანს, რომ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო პუნქტთან _ იშხნის საეპისკოპოსო ტაძართან უწინ ციხეც ყოფილა. დემეტრე თავდადებულმა ურდოში წასვლის წინ თავის დიდებულებს შვილები მიაბარა:
შევედრნა შვილნი მისნი და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს და რომელნიმე _ კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, ასპარაშენს, და თ¢თ წარვიდეს ურდოსა.~
სამწუხაროა, რომ ამ გამორჩეული ციხის შესახებ წყაროებში სხვა აღარაფერი გვაქვს. წყაროთა სიმწირეს ისიც დაერთო, რომ მხოლოდ ამ შემთხვევის წყალობით ცნობილი ციხე ისე `მიიკარგა~, რომ მას ვერცერთმა მკვლევარმა ვერ მიაგნო.
ექვთიმე თაყაიშვილი და ვახტანგ ჯობაძე იშხნის ტაძარზე საუბრისას ციხეს მხოლოდ გაკვრით ახსენებენ. ივანე ჯავახიშვილის რედაქციით გამოცემულ რუკაზე, აგრეთვე სხვა თანამედროვე რუკებზე იშხნის სიახლოვეს პირობითად ციხის აღმნიშვნელი ნიშანიც არის დასმული, თუმცა ციხის კონკრეტული მდებარეობა მაინც უცნობი რჩებოდა მეცნიერთათვის.
იშხნის ციხის ლოკალიზება სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის ექსპედიციებისას, 2005, 2010 და 2011 წლებში ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.
2012 წელს კი ძიება უკვე წარმატებით დასრულდა. ექსპედიციის წევრებმა (გელა გუნიავა, გრიგოლ კობიაშვილი, ბუბა კუდავა, რამაზ ობოლაძე, ოქროპირ ჯიქური) შევძელით ციხის ლოკალიზება და ზოგადი აღწერილობის გაკეთება. მოხსენების მიზანია ამ აღმოჩენის შესახებ წინასწარი ანგარიშის გაკეთება.