83. თემო ჯოჯუა, ქუთათელი მთავარეპისკოპოსის ანტონ II საღირისძის (1183/1184 – 1190-იანი წწ.) დაკვეთით გადაწერილი ოთხთავი (H-325)და მისი ანდერძები (კოდიკოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი) – 20 ივნისი 2012

ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონ II საღირისძე XII საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო მოღვაწეა. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, იგი სამ წერილობით ძეგლში: ტბეთის ოთხთავის (1161 წ.) ანდერძსა და მეფე თამარის ე. წ. I და II ისტორიკოსების თხზულებებში (XIII ს.) ოთხჯერ არის მოხსენიებული.
დასახელებული წერილობითი ძეგლების ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ ანტონ II დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ არისტოკრატულ საგვარეულოს, საღირისძეთა ფეოდალურ სახლს ეკუთვნოდა. 1161 წლისათვის იგი ოპიზის მონასტრის წინამძღვარი იყო, ხოლო 1183-1184 წლებში მან ქუთათელი მთავარეპისკოპოსის საყდარი დაიკავა. 1184 წელს ანტონ II საღირისძემ უშუალო მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეფის თამარის კორონაციაში და რაჭა-თაკვერის ერისთავთან კახაბერთან ერთად, საკუთარი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი თამარს. 1185 წელს ანტონ II საღირისძე, ქართლის კათოლიკოს-ყოფილ ნიკოლოზ I გულაბერისძესთან ერთად, მეფე თამარის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას ხელმძღვანელობდა. კრებამ შელახული საეკლესიო წესები გამართა, თუმცა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და ქართლის კათოლიკოსის მიქაელ IV მირიანისძის გადაყენება ვერ მოახერხა. 1191 წელს, მეფე თამარის წინააღმდეგ მოწყობილი დიდი ფეოდალური აჯანყების დროს, ანტონ II საღირისძემ სამეფო კარის მიმართ უდიდესი ერთგულება გამოიჩინა. იგი დასავლეთ საქართველოს დიდ ფეოდალებსა და საეკლესიო იერარქებს შორის ერთადერთი იყო, ვინც მეფე-ყოფილ გიორგი ბოგოლუბსკის არ მიემხრო და მეფე თამარის ერთგული დარჩა. ამ აჯანყების დროს ანტონ II საღირისძე, რომელიც სამეფო კარის დავალებით, მოლაპარაკებებს მართავდა აჯანყებულებთან, დაჭრეს კიდეც.

წარმოდგენილ მოხსენებაში დადგენილია, რომ ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონ II საღირისძე, ზემოთ ნახსენები სამი წერილობითი ძეგლის გარდა, კიდევ სამ წერილობით ძეგლში – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ეტრატის ოთხთავის (HH-325) სამი ანდერძის ტექსტშიც არის მოხსენიებული. მოხსენებაში, ანდერძების ანალიზის საფუძველზე, გარკვეულია, რომ ოთხთავი სწორედ ანტონ II საღირისძის დაკვეთით, ქუთაისის საეპისკოპოსო საყდრისშვილის კლემენტოსის მიერ, 1183/1184 – 1190-იან წლებში იყო გადაწერილი. მოხსენებაში დადგენილია ისიც, რომ ოთხთავი ანტონ II საღირისძის საკუთრებას წარმოადგენდა.
მიღებული დასკვნებიდან ირკვევა, რომ განსახილავი ოთხთავი დღეისათვის ცნობილი ერთადერთი მემორიალური ნივთია, რომელიც მეფე თამარის ეპოქის უდიდესი ისტორიული მოღვაწის – ქუთათელი მთავარეპისკოპოსის ანტონ II საღირისძის სახელთან უშუალოდაა დაკავშირებული. აღნიშნული ფაქტი ამ ისედაც ძვირფასი ხელნაწერი წიგნის ზოგად-კულტურულ მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის და მას ფასდაუდებელ ისტორიულ რელიქვიად აქცევს.