133. წმ. პავლე თებელის „ცხოვრების“ ტექსტის ისტორიისათვის. 25 მაისი. 2023 წ.
Posted at h
in
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი წმ. პავლე თებელის „ცხოვრების“ ტექსტის ისტორიისათვის. მოხსენება წაიკითხა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა მაია მაჭავარიანმა.
ეგვიპტელი მეუდაბნოე მამა, პავლე თებელი არის ერთ-ერთი იმ წმინდათაგან, რომელთა ხსენება დაიწყო ქართული ღვთისმსახურების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე (V-VI სს) და გრძელდება დღესაც. მრავალთავებში დაცული პავლე თებელის „ცხოვრების“ ქართული კიმენური ვერსია, რომელიც ითარგმნა არა უგვიანეს VIII საუკუნისა, არის ბერძნული ორიგინალის ერთ-ერთი უძველესი თარგმანი. „ცხოვრების“ ქართული ვერსიის კვლევისას გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო თავისებურება, რომელიც არ დასტურდება ბერძნულ წყაროში.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო აღნიშნული თავისებურებები, მათი მნიშვნელობა პავლე თებელის „ცხოვრების“ ტექსტის და ამ წმინდანის კულტის ჩამოყალიბების ისტორიისათვის.
სემინარს ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.