131. თამარ ოთხმეზური- “იოანე სინელის „კლემაქსი“ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში.” 12 თებერვალი. 2020 წელი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 131-ე სემინარი. მოხსენება წაიკითხა, თამარ ოთხმეზურმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპაარტამენტის ხელმძღვანელმა, თემაზე – “იოანე სინელის „კლემაქსი“ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში.” შუა საუკუნეების ქართულ მწიგნობრულ ტრადიციაში დასტურდება არაერთი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე თხზულება რამდენჯერმეა ნათარგმნი ქართულად. თუმცა არცერთ ტექსტს არ დაუმსახურებია ქართველთა იმგვარი ყურადღება, როგორიც იოანე სინელის „კლემაქსს“. VIII-IX საუკუნეებიდან მოყოლებული XVIII საუკუმენდე ქართულად ამ თხზულების ექვსი ვერსიაა შექმნილი. ქართულად „კლემაქსი“ სამჯერაა ნათარგმნი. პირველი თარგმანი შესრულებულია VIII-IX საუკუნეებში არაბულიდან, სავარუდოდ, საბაწმინდის მონასტერში; მეორედ „კლემაქსი“ თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა მე-10 საუკუნის ბოლო მეოთხედში. მესამე თარგმანი ეკუთვნის ელინოფილური სკოლის წარმომადგენელს, პეტრე გელათელს. ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში არსებობს, ასევე, „კლემაქსის“ სამი გალექსილი ვერსია. პირველი მიეწერება იოანე პეტრიწს და ეფუძნება ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანს; მეორე წარმოადგენს პეტრე გელათელის ელინოფილური თარგმანის გალექსილ ვერსიას; მესამე გალექსილი ვერსია ეკუთვნის ანტონ I კათალიკოსს და ისიც პეტრე გელათელის თარგმანს ეუძნება. მოხსენების მიზანია იოანე სინელის „კლემაქსის“ ქართული ვერსიების ზოგადი მიმოხილვა, ხელნაწერი ტრადიციის წარმოჩენა, იმ კულტურულ-ლიტერატურული კონტექსტის ჩვენება, რომელშიც ეს ვერსიები იქმნებოდა. ეს ერთგვარი მოგზაურობაა წარსულში, რომელიც მოიცავს ქართული ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ტრადიციის თითქმის ყველა ეტაპს – წინაათონურ ეპოქას, ათონისა და გელათის მთარგმნელობით სკოლებს, ანტონ I-ის მოღვაწეობას.