126. მაია მაჭავარიან – „წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სასწაულები ქართულ მწერლობაში“. 12 ივნისი. 2019 წელი.
მოხსენება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში განიხილება წმ.დიმიტრის სასწაულების ქართული ვერსია, რომელიც ქართულად თარგმნა X-XI საუკუნეების დიდმა ქართველმა მოღვაწემ, ექვთიმე მთაწმიდელმა. საგულისხმოა, რომ ექვთიმეს თარგმანში დაცული სასწაულების ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ბერძნული თუ ლათინური წყაროებისაგან, რამდენიმე სასწაული ამოღებულია, დანარჩენი – მნიშვნელოვნად შემოკლებული და გადასხვაფერებული. ამასთანავე, მოხსენებაში განიხილება წმ. დიმიტრის შესახებ არსებული თხზულებების (წამება, შესხმა, სასწაულები) ქართულ თარგმანებში შეტანილი სასწაულები, რომლებიც არ დასტურდება დღეისათვის ცნობილ ბერძნულ წყაროებში.
მიუხედავად მასალის სიმრავლისა, წმ. დიმიტრი თესალონიკელთან დაკავშირებით მრავალი საკითხი დღესაც საკამათო და გადაუწყვეტელია. ეს ეხება როგორც წმ.დიმიტრის ნაწილებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ასევე მის წარმომავლობას, მის სასწაულებში დაცულ ისტორიულ ინფორმაციას და სხვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ წმ. დიმიტრისთან დაკავშირებული თხზულებების შემცველი ხელნაწერები შედარებით გვიანდელია, მაგალითად სასწაულების შემცველი უადრესი ბერძნული ხელნაწერი თარიღდება IX საუკუნით, ამიტომ ამ თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვანია წმ. დიმიტრისთან დაკავშირებული თხზულებების ქართული ვერსიების შესწავლა.
სასწაულების ექვთიმესეული ვერსიის შესწავლა იძლევა მეტად საყურადღებო ინფორმაციას წმ.დიმიტრის კულტის ჩამოყალიბების ისტორიისათვის არა მხოლოდ ქართულ, არამედ ბერძნულ ქრისტიანულ სამყაროშიც.