125. მაია რაფავა -„გრიგოლ ნაზიანზელის ორი ჰომილიის გრიგოლ ოშკელისეული თარგმანების რედაქციულობის საკითხისათვის“. 5 ივნისი. 2019 წელი

წარმოდგენილი მოხსენება ნაწილია იმ კვლევისა, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტით, გამოჩენილი ბიზანტიელი მწერლისა და თეოლოგის, გრიგოლ ნაზიანზელის (IV საუკუნე) ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით.
გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა აღმოსავლურ თარგმანებს შორის ქართულ თარგმანებს უცილობელი როლი ენიჭება ამ ავტორის მემკვიდრეობის შესწავლისათვის.
მათ შორის გამორჩეულია ნაზიანზელის ორი ჰომილიის (Or 7 და Or 27) გრიგოლ ოშკელისეული თარგმანები, რომლებიც განსხვავებით ყველა სხვა ქართული თარგმანისაგან შესრულებულია არა ბერძნულიდან, არამედ სომხური ენიდან.
გრიგოლ ოშკელის თარგმანების ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური შესწავლის შედეგად გამოვლინდა ისეთი მონაცემები, რომლებიც განსხვავდებიან დღეს ცნობილი ყველა (ბერძნული თუ სომხური) ტექსტისაგან. ამ მონაცემების გათვალისიწინებით შესაძლებელი ხდება დავასკვნათ, რომ ოშკელის თარგმანები დღეს ცნობილი ტექსტისაგან განსხვავებულ რედაქციას წარმოადგენენ.