124. კახა შჩერბაკოვი – „ანასტასი სინელის სახელით ცნობილი ერთი “კითხვა-მიგების“ ექვთიმე მთაწმინდელისეული სამი რედაქციის შესახებ“. 25 აპრილი, 2019 წ.
მოხსენება მიზნად ისახავს ექვთიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი პრინციპებისა და მეთოდების ჩვენებას კონკრეტულად ერთი “კითხვა-მიგების“ სამი ქართული რედაქციის განხილვის მაგალითზე. წარმოდგენილი “კითხვა-მიგება“, რომელიც ბიზანტიურ მწერლობაში ანასტასი სინელის, ანტიოქიის პატრიარქის, სახელითაა ცნობილი, არაერთ ზნეობრივ-მორალურ, ლიტურგიკულ და კანონიკურ საკითხს ეხება. როგორც ჩანს, ექვთიმე მთაწმინდელი, დაინტერესებული იყო ამ საკითხებით, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ერთი და იმავე ტექსტის სამი სხვადასხვა რედაქცია შეიმუშავა და შეიტანა თავის მიერვე თარგმნილ-კომპილირებულ სამ სხვადასხვა თხზულებაში.
კარგადაა ცნობილი ექვთიმე ათონელის გამორჩეული მთარგმნელობითი მეთოდი, რომელიც გულისხმობდა სათარგმნი თხზულებების შემოკლებას ან გავრცობას. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც იგი ერთი კონკრეტული საეკლესიო მოძღვრის ავტორობით სხვადასხვა ავტორის “სწავლებათა“ კომპლექტებს აერთიანებს. ამგვარ შემთხვევებში ნათლად ჩანს ექვთიმე ათონელის, როგორც მთარგმნელის, ისე ღვთისმეტყველის გამორჩეულობა. მისი, როგორც მთარგმნელის, ენა მარტივია, თუმცა ურთულესი ამოცანაა იმ წყაროთა გამოვლენა და შესწავლა, რომელთაც იგი იყენებდა თხზულებათა კომპილაციურად თარგმნის დროს.
ქართველ მეცნიერთა თაობები იკვლევდა და იკვლევს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილ თხზულებებს. დღემდე მის მიერ თარგმნილი არაერთი ნაშრომია შესწავლილი და გამოცემული. მეცნიერთა მიერ ნაჩვენებია მრავალი ისეთი მაგალითი, რომლებიც ექვთიმე ათონელის, როგორც მთარგმნელის, შესწავლაში გვეხმარება.