გერმანიაში დაცული ქართული ხელნაწერი

4 აპრილს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 123-ე სემინარი. მოხსენება წაიკითხა ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნუგზარ პაპუაშვილმა თემაზე – ბაგრატიონთა ტახტის აღდგენის მცდელობა გერმანიაში მოძიებული მასალის საფუძველზე (ძმები ათაბაგები კონსტანტინოპოლში და ქართველი ბაგრატიონები დასავლეთ ევროპაში). ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მუდმივად და აქტიურად არის ჩართული უცხოეთში დაცული სხვადასხვა ქართული ხელნაწერისა თუ საბუთის შესწავლაში. ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ნუგზარ პაპუაშვილის კვლევაც გერმანიაში ამისი ნათელი მაგალითია. მოხსენების შესახებ: ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა მემკვიდრეები ბავარიაში პრივატულად ისეთ წერილობით დოკუმენტებს ინახავენ, რომელთა მეცნიერული მნიშვნელობა თვალსაჩინოა. ასეთია, მაგალითად, მე-20 საუკუნის 40-50-იანი წლების გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის გიორგი მაღალოვის (მაღალაშვილის) არქივი; დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურად გამოიყურება საქართველოს სამეფო გვარის გენეალოგიური ტაბულა ერეკლე II-იდან 1942 წლამდე. დოკუმენტი დაბეჭდილია ბერლინში. ახლავს მოწოდება, თავად სვიმონ ციციშვილის ხელმოწერით, რომელშიც აღნიშნულია ძალების საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისა და ახალ პოლიტიკურ ქარტეხილებში საქართველოს გადარჩენის მიზნით.

 

https://business.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2309384442451274