II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერი
პროექტის დასახელება: II საერთაშორისო სიმპოზიუმი„ქართული ხელნაწერი”
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ბუბა კუდავა
პროექტის შემსრულებლები: ბუბა კუდავა, გრიგოლ გაგნიძე, შალვა გლოველი
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 2013 წლის 25-30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მოაწყო II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერი”. სიმპოზიუმი დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. მხარდამჭერები იყვნენ: წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერისტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია „პეპსი”, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი”, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი და სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბილაინი”. სიმპოზიუმმა ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებულ მეცნიერებს, მკვლევარებს მისცა საშუალება, წარმოედგინათ თავიანთი მუშაობის შედეგები. ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იყო ქართული მასალების, ასევე, სხვაენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის მიმართ. სიმპოზიუმის ძირითადი თემატიკაა: შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურა და ქართული ხელნაწერი; ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია; შუა საუკუნეების სამეცნიერო ცოდნა და ქართული ხელნაწერი; შუა საუკუნეების სამართლებრივი აზრი და ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა; აღმოსავლური კულტურა და საქართველო (ხელნაწერი მემკვიდრეობა); დასავლური კულტურა და საქართველო (ხელნაწერი მემკვიდრეობა); ხელნაწერი წიგნის შექმნა: დამკვეთები, გადამწერები, მხატვრები, ბეჭდური წიგნის სათავეები; მისიონერები, მოგზაურები და მეცნიერები საქართველოს შესახებ; ქართული ემიგრაცია (საარქივო მემკვიდრეობა); თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელნაწერი მემკვიდრეობა; ხელნაწერი კულტურა და თანამედროვე საგამოფენო კონცეფციები. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 100-მდე ქართველმა და 30-მდე უცხოელმა მეცნიერმა ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ირანი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, იაპონია, სომხეთი, ლიტვა, ყაზახეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ბელორუსია და ნიდერლანდები. კონფერენცია გაიხსნა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” 25 ივნისს, 10:00 საათზე და გაგრძელდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 13:00 საათიდან; 26 ივნისს – 10:00 საათიდან. 28–29 ივნისს, კონფერენციამ გადაინაცვლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში. კონფერენცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაიხურა 30 ივნისს, 14:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.