დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა
8 თებერვალს, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა მასშტაბური გამოფენა – „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“. გამოფენის ფარგლებში, რომელიც 15 თებერვლის ჩათვლით გასტანს, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, იხილოს უნიკალური ხელნაწერები: გელათის ოქრომელნით მოხატული ოთხთავი, რომელიც თითქმის არასოდეს ტოვებს ხელნაწერთა საცავს, უშუალოდ დავითთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები – „გალობანი სინანულისანი“, „რუის-ურბნისის ძეგლიწერა“. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ფოტოგამოფენა, სალექციო შეხვედრები და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. გამოფენის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი – ზვიად გაბისონია, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი – ირაკლი ღარიბაშვილი და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.