გამოფენათა ციკლი “საქართველოს ოკუპაცია და ადამიანები”
2015 წლის 24 თებერვილს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში საგანმანათლებლო გამოფენათა ციკლის ფარგლებში: „საქართველოს ოკუპაცია და ადამიანები“ პროექტი ,,იუნკერი ივანე ნანუაშვილი-საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები’’ გაიხსნა.
პროექტის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის უცნობი ფურცლების შევსება, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ემიგრანტული კოლექციის პოპულარიაზაცია, კავშირების ჩვენება საქართლოს ახალ და თანამედოროვე ისტორიას შორის და სხვ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა სადაც წარმოდგენილი იქნება იუნკერ ვანო ნანუაშვილის არქივში დაცული უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა: პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონის, რონალდ რეიგანის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის და აშშ-ს სხვა ცნობილი პოლიტიკოსების პასუხები მის წერილებზე, სამხედო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოალბომები და ვ.ნანუაშვილის ნაშრომები.
ივანე ნანუაშვილი იყო სამხედრო მოღვაწე, 1921 წელს იგი იბრძოდა საქართველო-რუსეთის ომში. სხვა ჯარისკაცებთან ერთად იგი ემიგრაციაში გაყვა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას.
ვანო ნანუაშვილს ინგლისურ ენაზე დაწერილი აქვს სამხედრო-პოლიტიკური ნარკვევები. მან 1956 წელს ბოსტონში გამოსცა ნაშრომი „საბჭოთა კავშირის სიძლიერე და სისუსტე“. მისი ინგლისურენოვანი წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ პოპულარობით სარგებლობდა აშშ-სა და ევროპაში.
ემიგრანტის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რომელშიც არის საქართველოს უახლესი პოლიტიკური და სამხედრო ისტორიის ამსახველი უნიკალური დოკუმენტები, ფოტოალბომები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ორი ლექცია. 24 თებერვალს თემაზე: ,,იუნკერი ივანე ნანუაშვილი – საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები’’ რომელიც წაიკითხა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომა, ისტორიკოსმა შორენა მურუსიძემ. ლექციას დაესწრნენ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის იუნკრები. ხოლო, 27 თებერვალს, ლექციას ,,რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ ვანო ნანუაშვილის შესახებ’’ წაიკითხავს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ჟღენტი.
პროექტის ფარგლებში მომზადდა საგანმანათლებლო აქტივობა სკოლის მოსწავლეთათვის.
გამოფენაზე ვიზიტორების მიღება მოხდება 25-დან 27 თებერვლამდე წინასწარი ჩაწერის საფუძველზე. ტელ: 2 47 42 42