რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის პრეზენტაცია
11 მაისს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ათწლეულების მანძილზე პირველად ცენტრის რესტვრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლაბორატორიაში ბოლო წლების განმავლობაში შესრულებული სამუშაოები. სტუმრებს საშუალება ქონდათ, ენახათ კონსერვაციის პროცესის ფოტომასალა, სამუშაო გარემოს ამსახველი პერფორმანსი და დაეთვალიერებინათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური ხელნაწერები, ისტორიული, საარქივო დოკუმენტები, პერიოდული და რარიტეტული გამოცემები.
ხელნაწერთა ინსტიტუტის (ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) დაარსებიდან ფუნქციონირებდა ჰიგიენისა და რესტავრაციის განყოფილება, სადაც შედიოდა პრეპარაციის, ბიოლოგიის, ქიმიის და რესტავრაციის ლაბორატორიები. 2006 წელს აღნიშნულის ბაზაზე შეიქმნა რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია, რომელმაც გარდა ამ მიმართულებებისა, შეიძინა სამეცნიერო სტატუსი. ლაბორატორია აქტიურად ეწევა კვლევას სხვადასხვა მიმართულებით. შედეგად, ბოლო 9 წლის განმავლობაში ცენტრისა და ლაბორატორიის თანამშრომლების ძალისხმევით რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია ჩამოყალიბდა ხელნაწერი და ნაბეჭდი მემკვიდრეობის კონსერვაციის უახლესი და მსოფლიოში აღიარებული პრინციპების გამტარად.