უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლები
11 აპრილს, 13:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლები საპატრიარქოსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.
ქართველ მეცნიერებსა და დაინტერესებულ პირებს, უკვე საქართველოში, საშუალება ექნებათ იხილონ XI – XIX საუკნეების ხელნაწერების: ქართულ-ებრაული პალიმფსესტის, ჰაგიოგრაფიული კრებულის, საგალობელთა კრებულის, ლოცვანისა და ხელნაწერი ჟურნალის ციფრული ვერსია და დამატებით იმსჯელონ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაზე, აქ მომუშავე გადამწერებსა თუ მეთერთმეტე-მეცხრამეტე საუკუნეების წიგნის ხელოვნებაზე.
ღონისძიებაზე უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ლონდონიდან ჩამოტანილი ხელნაწერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამ.