სომხურენოვანი მოსწავლეების ვიზიტი სამცხე-ჯავახეთიდან
25 მაისს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სამხე-ჯავახეთიდან სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ. პროექტის ინიციატორია ცენტრის ყოფილი სტაჟიორი, გვანცა გელაშვილი, რომელიც ასწავლის ქართულს ახალციხეში. პროექტი ,,ჩემი, შენი, ჩვენი” ხორციელდება ,,სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით და მას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია: ,,ერთად წარმატებისთვის”. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვანი მოსწავლეებისთვის დაგეგმილი იყო შემდეგი აქტივობები: ა)პროგრამა „მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში“, რომელიც გულისხმობს ცენტრის საგამოფენო დარბაზის გაცნობას, იშვიათ გამოცემათა კაბინეტის დათვალიერებას, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის გაცნობასა და მოსწავლეების ჩართვას დაზიანებული ქაღალდის რესტავრაციის პროცესში (იმიტაცია); ბ)მუდმივმოქმედი გამოფენის „ქართული ხელნაწერი წიგნისა“ და კომპიუტერული პროგრამის „ხელნაწერის შექმნა“ -გაცნობა და მასში მოსწავლეების ჩართვა. გ)ცენტრში დაცული სომხური ხელნაწერების შესახებ ლექცია და საგანგებო პრეზენტაცია, ასევე სომხური კოლექციიდან გამორჩეული ნიმუშების ორიგინალების გაცნობის მიზნით საგანგებო მინი ექსპოზიციის მომზადება. პროექტი ,,ჩემი, შენი, ჩვენი‘‘ ინიცირებულია ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის‘‘ პროექტში მონაწილე მოხალისე პედაგოგების მიერ და ითვალისწინებს სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სტუმრობას შემეცნებით დაწესებულებებში და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, ქართველ თანატოლებთან დამეგობრებას.