სტატიების მიღება კრებულ “მრავალთავში”
“მრავალთავში” გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია გამოგზავნილი უნდა იქნეს მისამართზე mravaltavi@manuscript.ge. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ნოემბერი.
სტატია გამოგზავნილ უნდა იქნეს დოკუმენტური ფაილის სახით (MS Word, Open Office etc.). ძველი ბერძნული ენისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს ფონტი – GRAECA (გადმოწერა).
სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 7 500 სიტყვას. სტატიას უნდა ერთვოდეს ქართულ ენაზე რეზიუმე, რომლის მოცულობა უნდა იყოს 150-დან 600 სიტყვამდე.
განსახილველად მიიღება როგორც სამეცნიერო ხარისხის მქონე მკვლევართა, ისე დოქტორანტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები.
სტატია უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო სიახლეს, არ უნდა იყოს პლაგიატი და არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული.
![DSC00026](https://manuscript.ge/wp-content/uploads/2017/12/DSC00026-1.jpg)
სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმების წესები
1) სტატიაში ბიბლიოგრაფიული მითითება წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე გვერდზე, სქოლიოს სახით – footnote. სქოლიოების ნუმერაცია უნდა იყოს გაბმული და არ უნდა იწყებოდეს ყოველ გვერდზე თავიდან. სტატიაში მოცემული ბიბლიოგრაფიული მითითება უნდა იყოს მოკლე სახის: გვარი – მძიმე – სტატიის ან მონოგრაფიის სათაური შემოკლებულად, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გვ. / p. / S. – სათანადო გვერდები:
ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევა-ძიების, გვ. 292-295.
ანდრონიკაშვილი, ნარკვევები, გვ. 451-458.
აბულაძე, ლექსიკონი, გვ. 320.
Richard, Anastase le Sinaïte, p. 29-42.
შენიშვნა: თუკი ორი ან რამდენიმე ავტორია, ავტორთა გვარები გამოყოფილი უნდა იყოს დეფიზით:
ცერაძე – ხოფერია, ეპისტოლე, გვ. 160-165.
Roosen – Van Deun, Les collections, p. 55-60.
ბრეგაძე – ქავთარია – ქუთათელაძე, აღწერილობა, გვ. 346.
შენიშვნა: ტექსტის პუბლიკაცია მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ტექსტის ავტორი – მძიმე – ტექსტის სათაური შემოკლებით, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გამომცემელი – გვ. / p. / S. – შესაბამისი გვერდები:
გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ, კიკნაძე, გვ. 144-149.
2) ხელნაწერი მითითებული უნდა იყოს ლიტერით და დეფისით: A-57; S-1463.
3) სქოლიოს ნიშანი უნდა ერთვოდეს უშუალოდ აღსანიშნ სიტყვას გამოტოვებული ადგილის გარეშე: მაშინ ეს ხელნაწერი კერძო პირის1 კუთვნილება იყო.
4) თუკი სქოლიოთი აღსანიშნ სიტყვას ან ფრაზას მოსდევს პუნქტუაციის ნიშანი, სქოლიოს ნიშანი უნდა მოსდევდეს პუნქტუაციის ნიშანს: ი. ასფალგის მიერ შედგენილი კატალოგის მიხედვით, ხელნაწერის ფურცლების რაოდენობა 30-ს უდრიდა.1
5) სტატიას ბოლოს უნდა ერთვოდეს ანბანზე დალაგებული გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის სრული ბიბლიოგრაფიული ჩამონათვალი, ჯერ ქართული სამეცნიერო ლიტერატურა, შემდეგ – დასავლეთის და შემდეგ – რუსული.
სტატიის დამოწმების შემთხვევაში: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი – სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – სტატიის სათაური სრულად, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – ჟურნალის დასახელება (თუკი სტატია ფრანგულადაა გამოქვეყნებული უცხოენოვან ჟურნალში, ჟურნალის დასახელებას უნდა უძღოდეს dans, ხოლო თუ სტატია ინგლისურად ან გერმანულადაა – in – მძიმე – ჟურნალის ნომერი – გამოცემის წელი ფრჩხილებში – მძიმე – გვ. / p. / S. – სტატიის გვერდები სრულად.
ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევა-ძიების = ე. ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევა-ძიების ისტორიიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მრავალთავი, 24 (2015), გვ. 292-295.
ცერაძე – ხოფერია, ეპისტოლე = თ. ცერაძე – ლ. ხოფერია, დანიელ ხანბაშურის ეპისტოლე, მრავალთავი, 22 (2007), გვ. 153-171.
Richard, Anastase le Sinaïte = M. Richard, Anastase le Sinaïte, l’Hodegos et le monothélisme, dans Revue des Études Byzantines, 16 (1958), Paris, p. 29-42.
თუკი სტატია წარმოდგენილია კრებულში: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი – სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – სტატიის სათაური სრულად, დახრილი სახით (Italic) – in / dans, თუ უცხოენოვანი კრებულია – კრებულის გამომცემელის სახელის ინიციალი და გვარი – (რედ.), (eds.), თუ უცხოენოვანი კრებულია – კრებულის დასახელება – სერია ფრჩხილებში – გამოცემის ადგილი – მძიმე – გამოცემის წელი – მძიმე – გვ. / p. / S. – სათანადო გვერდები.
Roosen – Van Deun, Les collections = B. Roosen – P. Van Deun, Les collections de définitions philosophicothéologiques, dans M. Cacouros – M. H. Congourdeaou (eds.), Philosophie et sciences à Byzance (Orientalia Lovaniensia Analecta), Leuven – Paris – Dudley (MA), 2006, p. 53-76.
მონოგრაფიის დამოწმებისას: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი – სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – მონოგრაფიის სათაური, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გამოცემის ადგილი – მძიმე – გამოცემის წელი.
აბულაძე, ლექსიკონი = ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი, 1973;
ანდრონიკაშვილი, ნარკვევები = მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, თბილისი, 1966;
ბრეგაძე – ქავთარია – ქუთათელაძე, აღწერილობა = თ. ბრეგაძე – მ. ქავთარია – ლ. ქუთათელაძე, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, II, თბილისი, 1973;
ტექსტის პუბლიკაციისას: ტექსტის ავტორი – მძიმე – ტექსტის სათაური შემოკლებით – გამომცემელი – ტოლობის ნიშანი – ტექსტის ავტორი – მძიმე – ტექსტის სათაური, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გამომცემელი – გამოცემის ადგილი – გამოცემის წელი:
გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ, კიკნაძე = გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, გ. კიკნაძის გამოცემა, თბილისი, 2013.