ვიზიტი მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტიდან
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტის, III დეპარტამენტის („არტეფაქტები, ქმედება და ცოდნა“) დირექტორი, დაგმარ შეფერი.
ვიზიტი შედგა პროექტის „საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და მინერალოგიურ-გემოლოგიური) ცოდნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში“ ფარგლებში.
პროექტი მულტიდისციპლინურია, მასში მეცნიერების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები არიან ჩერთული: ია ახვლედიანი – პროექტის ხელმძღვანელი, მინერალოგი-გემოლოგი, ირინა გოგონაია – კოორდინატორი, ქიმიის ისტორიის მკვლევარი, თამარ აბულაძე – ფილოლოგი, ირანისტი, ლიანა სამყურაშვილი – ფილოლოგი, არაბისტი, ირაკლი ქარდავა – მონაცემთა ბაზების სპეციალისტი.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ქართული, არაბული და სპარსული საბუნებისმეტყველო (ქიმია-ტექნოლოგია, მინერალოგია-გემოლოგია) შინაარსის ხელნაწერების ინტერდისციპლინურ კვლევას, სისტემატიზაციასა და მიღებული მონაცემების საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვას ინტერაქტიური კატალოგის (მონაცემთა ელექტრონული ბაზა), გეოინფორმაციული რუკისა და შესაბამისი პუბლიკაციების შექმნისა და გავრცელების გზით. დაგმარ შეფერი პროექტის სამეცნიერო კონსულტანტია.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.