ჯონ უილკინსონი – 95
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ბრიტანელი მეცნიერის, ჯონ უილკინსონის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი „საუბრები იერუსალიმის შესახებ“. სემინარს უძღვებოდა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი, თამარ ოთხმეზური.
ბრიტანელი მკვლევრის სამეცნიერო მოღვაწეობისა და საქართველოსთან კავშირის შესახებ ისაუბრეს ქართველმა მეცნიერებმა, რომლებსაც ჯონ უილკინსონთან დიდ ხნის მეგობრობა და პროფესიული ურთიერთობა აკავშირებდათ. ესენი არიან: ნანა კუპრაშვილი, მზია ებანოიძე, ნიკა ვაჩეიშვილი, ირინა კოშორიძე, ლია კიკნაძე, დარეჯან გოგაშვილი და ვაჟა კიკნაძე.
შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო სამეცნიერო მოხსენებებს. ბრიტანელი მეცნიერის სამეცნიერო საქმიანობაში უდიდესი ადგილი ეთმობოდა იერუსალიმის შესწავლას, რამაც განაპირობა სემინარის თემატიკა.
მოხსენებები წაიკითხეს ვლადიმერ კეკელიამ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) – „ქართველი მონაზონი ქალები და იერუსალიმი. Jer. geo. 146 ხელნაწერის თავგადასავალი“, გიორგი გაგოშიძემ (საქართველოს უნივერსიტეტი) – „ქართველები იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიაში“, თამარ ოთხმეზურმა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) – „შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრული პროცესების რეკონსტრუქციისათვის. გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა შემცველი იერუსალიმური ხელნაწერები“.