„ტაო-კლარჯეთიდან ათონამდე, ჰაგიოგრაფიული კრებული“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, ხათუნა გაფრინდაშვილის მონოგრაფიის „ტაო-კლარჯეთიდან ათონამდე, ჰაგიოგრაფიული კრებული“ პრეზენტაცია. გამოცემა მომზადდა და დაიბეჭდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის ფარგლებში. ნაშრომი წარმოადგენს ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცული ჰაგიოგრაფიული კრებულის (Ivir. georg. 8 ) დიპლომატურ გამოცემას. ხელნაწერი გადაწერილია ტაო-კლარჯეთში და პალეოგრაფიული მონაცემებით X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. კრებული შეიცავს 64 თხზულებას, მასში შესულია როგორც ორიგინალური ძეგლები, ისე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ენიდან (ბერძნული, არაბული, სომხური) ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. ამასთანავე, Ivir. georg. 8 ხელნაწერი ერთადერთი ძეგლია, რომელმაც შემოგვინახა სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებულ მოწამეთა „ცხოვრება-წამებანის“ ქართული თარგმანები. მასალის ამგვარ მრავალფეროვნებას ტაოს მულტიკულტურული შემოქმედებითი გარემო განაპირობებდა. მონოგრაფიაში განხილულია ხელნაწერის სტრუქტურული თავისებურებანი, ნაჩვენებია წმინდანთა ხსენებების ტრადიცია X საუკუნის ხელნაწერის მაგალითზე და წარმოდგენილია ის ისტორიული და კულტურული რეალიები, რომელშიც ათონური ჰაგიოგრაფიული კრებული შეიქმნა. ნაშრომი წარმოადგენს Ivir. georg. 8 ჰაგიოგრაფიულ კრებულში დაცული ძეგლების აკადემიურ გამოცემას სამეცნიერო აპარატითა და ლექსიკონით, თხზულებათა შემცველ სხვა ხელნაწერთა ნუსხებისა და არსებული გამოცემების მითითებით.