საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ – 2024

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა. ეროვნულ ცენტრში მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის თანამონაწილეობით. ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან ისაუბრა სეზონური სკოლის მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს სკოლით დაინტერესებისათვის და წარმატება უსურვა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა გლოველმა, სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა გოგონაიამ, ფილოსოფიის დოქტორმა ემილიო ბონფილიომ. მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით 70-მდე სააპლიკაციო განაცხადი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან გამოიგზავნა. სკოლის სამუშაო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, ითვალისწინებს 30 ლექციის, სამი ვორქშოფის, ინეტრაქტიული პროგრამების და გასვლითი ღონისძიებების განხორციელებას ხუთი სასწავლო მოდულის მიხედვით: 1. საქართველო: ისტორია, ენა, დამწერლობა, 2. ქართული ხელნაწერი – ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება; 3. ქართული ისტორიული დოკუმენტი, 4. ქართული ნაბეჭდი წიგნი და 5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ფორუმის მასპინძელი უნიკალური ინსტიტუცია – ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. სეზონური სკოლის ლექციები 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.