„აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო სეზონური სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება უძველესი დროიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, უახლესი და მიმდინარე კვლევების გაცნობა, თემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების წინ წამოწევა.

სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს აფხაზეთის პოლიტიკური, კულტურული და ეკლესიის ისტორიის, ეთნოლოგიის, ეთნოლინგვისტიკის და სხვ. ძირითად სამეცნიერო-კვლევით თემატიკას ექვსი სასწავლო მოდულის მიხედვით: ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“, შუასაუკუნეებამდელი აფხაზეთი (აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე), აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე, ყოფა აფხაზეთში (ეთნოლოგიური ექსკურსი), აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა, აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20-ზე მეტი ლექცია, მათ შორის – ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (თბილსსა და რეგიონებში), პანელური დისკუსია 5 მოხსენებით, ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამა, ცენტრში დაცული, სკოლის თემატიკასთან უშუალოდ დაკავშირებული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების, საარქივო მასალისა და იშვიათი გამოცემების – „აფხაზური დედაენა“, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანი გამოფენა.

პროექტი ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სკოლის მუშაობაში საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი მკვლევარები იტალიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან. სკოლა დასრულდება 2024 წლის 22 ივნისს.